მონიტორინგში მოექცა, ზუგდიდში დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების დასწრების ფაქტი.
11 სექტემბერს ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. პარალელურად კი, “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სააგიტაციო აქცია გამართეს.
20 ივლისის პრაიმერიზისგან განსხვავებით, 11 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედება არ დაფიქსირებულა, თუმცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლების დაკვირვებით, 11 სექტემბრის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მათ შორის, საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური საკითხთა განყოფილების უფროსი ბართლომე შელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი ლევან მაქაცარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ანა წითლიძე. პარალელურად გამართულ სააგიტაციო შეხვედრაში კი, რომელსაც “დაიცავი საქართველოს” წევრი კახა მიქაია ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ედემ კეკუტია და ზუგდიდის ქალაქის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი – ნუკრი ჯიჭონაია. ჩამოთვლილი თანამდებობის პირები წარმოადგენენ ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეებს; შესაბამისად, მათ საარჩევნო კოდექსი სამუშაო საათებში უკრძალავს აგიტაციის გაწევას ან აგიტაციაში მონაწილეობას (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის “თ” ქვეპუნქტი). იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მიმდინარეობდა სამუშაო საათებში (აქცია დაიწყო 16 საათზე), საჯარო მოხელეებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.