მისი თქმით, ტელეკომპანიის დირექტორი, მიხეილ აგლაძე დიმიტრი ქიტოშვილმა კაბინეტში დაიბარა და სიხშირის დათმობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების შექმნით დაემუქრა. ირმა ინაშვილი სააკაშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის თავად იყო ამ რეჟიმის შემქმნელი.
“მთავარი როლის შემსრულებელი იყო სააკაშვილის რეჟიმი, იმიტომ, რომ პოლიტიკურ დონეზე ხდებოდა ტელეარხების მესაკუთრეებისთვის სიხშირეების წართმევა. აქ არის ძალიან სერიოზული კანონდარღვევები, საუბარია იმაზე, რომ წაგართვეს ტელევიზია და შემდეგ მესაკუთრემ კი არ განავითარა ტელეკომპანია, უბრალოდ შენთვის წართმეული სიხშირე აჩუქა სახელმწიფოს. ჩვენ დღეს საგამოძიებო კომისიას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ისედაც იყო გასაჯაროებული, მაგრამ უფრო დეტალიზაცია მოხდა. იმედი მაქვს, რომ კომისია იმუშავებს კომპეტენტურად. არ მაქვს მოლოდინი რომ მაინც და მაინც დაგვიბრუნებენ ამ ლიცენზიას, მაგრამ არ მეწყინებოდა, თუ სხვა ლიცენზიას მოგვცემდნენ.
2004 წლიდან დაიწყო ზეწოლა ტელეკომპანია “ობიექტივის” მფლობელებზე. დიმიტრი ქიტოშვილმა მაშინ პირდაპირ დაიბარა ტელეკომპანიის დირექტორი მიხეილ აგლაძე კაბინეტში და უთხრა, რომ თქვენ უნდა დათმოთ ეს წილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიქმნით ძალიან ბევრ პრობლემასო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინ გაგვეცინა, რადგან ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასე წაართმევდნენ ტელეარხებს ლიცენზიებს. დაიწყო პერმამენტული ზეწოლა, მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე, ჩვენი დირექტორი სასტიკად სცემეს, ბოლოს 50% გადაიფორმა დავით კაკაურიძემ, შემდეგ მან აჩუქა ჭარხალაშვილს, ჭარხალაშვილმა აჩუქა კვირიკაშვილს და კვირიკაშვილმა აჩუქა სახელმწიფოს,” _ უთხრა ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა.