დღეს ამერიკელ გენერალ ჯეიმს ბათერვორთს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა სურვილი გამოთქვა, ორი ქვეყნის გვარდიებს შორის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალი მიმართულებები დაისახოს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს შესაძლებლობა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლის საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მრჩევლის სტატუსით მოვლინებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მხარეს რეზერვისტთა მობილიზაციის საკითხებში კონსულტაციებს გაუწევს. შეხვედრის დასასრულს საუბარი ISAF-ის მისიასაც შეეხო.
დღესვე, გენერალმა ბათერვორთმა სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილესთან, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლოზ აღლაძესა და გენერალური ინსპექციის უფროსთან, ანდრეა გოცირიძესთან შეხვედრები გამართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ნოემბერში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის ვიზიტი დაიგეგმა.