_ დღეს პროკურატურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ მოითხოვეს 26 მაისის და გირგვლიანის ეპიზოდებზე ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლოში განხილვის გადადება. შეგახსენებთ, რომ ამ საქმეების განხილვა რამდენჯერმე უკვე გადაიდო და უკანასკნელი გადაწყვეტილებით, ოქტომბრის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად ამისა, პროკურატურა განაგრძობს დროის გაყვანის პოლიტიკას და ამჯერად ითხოვს გირგვლიანის საქმეზე განხილვის ორი თვით, ხოლო 26 მაისის საქმეზე ერთი თვით გადატანას.
მე უკვე არა ერთხელ განვაცხადე, რომ ეს საქმეები აღძრული არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით და მათ დასადასტურებლად პროკურატურას არანაირი ფაქტები არ გააჩნია. პროკურატურის სისუსტე დადასტურდა 12 სექტემბერს ე.წ. “დასაქმების საკითხზე” ჩემს წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დაწყებული სასამართლო განხილვით, სადაც ჩატარებულ ორ პროცესზე პროკურატურის გამოსვლას რთულია მისცე სხვა შეფასება გარდა სამარცხვინოსი.
სწორედ მსგავსი სამარცხვინო პოზიციით და მტკიცებულებების არქონით არის გამოწვეული პროკურატურის მცდელობა გაიყვანოს დრო და რაც შეიძლება გააჭიანუროს სასამართლო პროცესის ჩატარება. მოვუწოდებ პროკურატურას შეეშვას დროის გაყვანის მცდელობას და დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საქმეების სასამართლოში განხილვა, ვინაიდან ის აბსურდული ბრალდებები რომელთა დამტკიცებაც შეუძლებელია დღეს, ვერ დამტკიცდება ვერც ერთი თუ ორი თვის შემდეგ, ხოლო პროკურატურა თავს უხერხულ მდგომარეობაში იყენებს, _ აღნიშნულია მერაბიშვილის განცხადებაში.