“კრების” თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ტელეეთერი ბურჯანაძეს ნაკლებად ეთმობა. ამასთან დაკავშირებით, “კრებამ” დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულის შესახებ 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტსაც მიმართეს და საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის სატელევიზიო სივრცეში შექმნილი “უსამართლო და არათანაბარი პირობების გამოსწორება” მოითხოვეს.
“დღემდე ჩვენს წერილს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ძალიან სამწუხაროა, რომ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ტრადიციებით “სახალხო კრების” სამართლიანი მოთხოვნების იგნორირება.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების და ყველა კანდიდატისათვის თანაბარი პირობების შექმნის შესახებ იმედის მომცემი იყო თითოეული ჩვენგანისათვის. სამწუხაროდ, ეს დაპირებები დღემდე მხოლოდ განცხადებებად რჩება, ვინაიდან პარლამენტმა არავითარი საკანონმდებლო ცვლილება არ განახორციელა საარჩევნო გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის,” _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა ორ სახელისუფლებო საპრეზიდენტო კანდიდატს – გიორგი მარგველაშვილსა და დავით ბაქრაძეს, ერთმნიშვნელოვნად უპირატეს პირობებში აყენებს.
“დღეს არსებული მდგომარეობა ქმნის თანაბარ პირობებს მხოლოდ ორი სახელისუფლებო კანდიდატისათვის, რაც აჩენს ეჭვს, რომ ყველასათვის მიუღებელი და გაუგებარი კოჰაბიტაცია უკვე მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზარდა კოალიცია “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის.
ორი სახელისუფლებო პარტია სრულად აკონტროლებს საარჩევნო კომისიებს, ბიუჯეტიდან ჰყავთ დაფინანსებული 40 ათასზე მეტი დამკვირვებელი, რაც პრაქტიკულად მთელი არმიაა. ერთ შემთხვევაში მინისტრები, ხოლო მეორე შემთხვევაში გამგებლები ჩართულები არიან მათ წინასაარჩევნო კამპანიებში. ამ პირობებში წარმოუდგენელია საუბარი თანაბარ და სამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე.
სახელისუფლებო პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისედაც, რბილად რომ ვთქვათ, არ განიცდიან ფინანსებისა და ე.წ. შემოწირულობების სიმწირეს, ხოლო ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაიოთხმაგეს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამატებით სარგებლობენ უფასო სარეკლამო დროით ტელევიზიებში. ამ ფონზე საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს საკუთარი ხმის, საკუთარი გზავნილების მისაწვდენად საქართველოს მოსახლეობისათვის, წუთში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
კოალიცია “ქართული ოცნებაში” შემავალმა პარტიებმა, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებას სთხოვდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ჯერ “რვიანის”, ხოლო შემდეგ “ექვსიანის” ფორმატში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაფერი გააკეთეს მაშინდელი, თავიანთივე მოთხოვნების ასასრულებლად,” _ აცხადებენ “სახალხო კრების” წარმომადგენლები.
“სახალხო კრება” მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“სახალხო კრება” კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ “გამოასწოროს არსებული უსამართლობა, სასწრაფოდ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი საარჩევნო პირობები და არ იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებული ნინო ბურჯანაძე”.
“ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს საკუთარი გზავნილების ამომრჩევლამდე მიტანის საშუალება, ხოლო ხალხს გააზრებული არჩევანის გაკეთების უფლება. მით უფრო, რომ ყველა დასავლურ სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატების თანაბარ პირობებში ჩაყენება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა და იმპერატიული ნორმაა,” _ ნათქვამია განცხადებაში.