გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება: ოქტომბრის პირველ ნახევარში მეთორმეტეკლასელები გამოცდებს 4 საგანში ჩააბარებენ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოქტომბერში ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე გამოცდაში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი წლის ბოლოს, ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.
ცვლილების თანახმად, 2013-2014 სასწავლო წლიდან კი გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში გაიმართება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს ჩააბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს.როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ახალი სქემა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.