შეგახსენებთ, რომ ცვლილებათა პაკეტის ავტორი შს სამინისტროა და პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით შევარდნაძისეული რეიდები აღდგება.
“აღმოჩნდა, რომ სამართლიანობის აღდგენის მომენტი, ნაწილობრივ ნიშნავს შევარდნაძის ეპოქისეული რეიდების აღდგენის პროცესს. რამდენად ლიბერალურს, დემოკრატიულს და თავისუფალს ხდის ჩვენს ქვეყანას ის ფაქტი, რომ პოლიციას ნებისმიერ დროს შეეძლება მოქალაქის გაჩერება და გაჩხრეკვა, ამის ანალიზი მოსახლეობისთვის მიმინდვია,” _ განაცხადა თევდორაძემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით პოლიციის ძალიან ბევრი ფუნქცია შემოდის, რომელიც რეპრესიული ხასიათისაა.
“ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ხედავს კანონპროექტის ინიციატორი და ამ შემთხვევაში შს სამინისტრო საკუთარ როლს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში და მეორე – როგორ უყურებს ის საკუთარ საზოგადოებას.
ამ კანონპროექტის მიხედვით ჩანს, პოლიციას მიაჩნია, რომ კრიმინალის შემცირების მიზნით, რეპრესიული ხასიათის პრევენციული მოქმედებები უნდა განახორციელოს.
კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში პოლიციელს შეუძლია შეზღუდოს ჩემი, როგორც მოქალაქის თავისუფლება და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ზემოქმედება, როგორიცაა გამოკითხვა, შეჩერება, დაბარება, ზედაპირეული დათვალიერება და ა.შ.
კანონით პოლიციას აქამდეც შეეძლო შეეჩერებინე, მაგრამ ეს იყო ერთადერთი. ახლა ამას სხვა რამდენიმე ფუნქცია ემატება. ეს წარმოადგენს მკვეთრ ჩარევას ჩემს, როგორც მოქალაქის თავისუფლებაში,” _ ამბობს მენაბდე.
ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, კანონპროექტიდან ჩანს შს სამინისტროს ხედვა და დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი.
“ჩვენ გვაქვს პრეზუმცია, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი უდანაშაულოა, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ სახელმწიფო ენდობა საკუთარ მოქალაქეებს, მიაჩნია, რომ ადამიანები საკუთარ თავისუფლებას ბოროტად არ გამოიყენებენ, რომ ისინი პრინციპში კანონმორჩილნი და კეთილსინდისიერნი არიან.
შემოწმების მორალი კი ისაა, რომ ყველა ადამიანი პოტენციური საფრთხის შემცველი და კრიმინალია, ადამიანები თავისუფლებას ბოროტად იყენებენ და ჩვენი მოქალაქეები არ არიან კეთილსინდისიერნი. ამიტომ, პოლიციელს სჭირდება მეტი რეპრესიული ფუნქცია, რათა ნეგატიურად ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში და მოქალაქეებისაგან მომდინარე საფრთხე გააუვნებელყოს. ანუ ყველა ადამიანი პოტენციური საფრთხის შემცველია, სანამ მას პოლიციელი არ გაჩხრეკს და არ დარწმუნდება, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს,” _ აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
როგორც იგი აღნიშნავს, კანონპროექტის მიხედვით, პოლიციას შეუძლია პრევენციული უსაფრთხოების ოპერაცია უფრო მასშტაბურად ჩაატაროს და მთელ ქალაქში მოაწყოს რეიდები, “როგორც რამდენიმე კვირის წინ უკანონოდ გააკეთა“. ახლა კი, მისი თქმით, სამინისტროს რეიდების დაკანონება სურს.
“სამინისტროს სურს არა ინდივიდუალიზებული საფრთხის წინააღმდეგ მიმართოს საკუთარი ძალისხმევა, არამედ ზოგად და ამორფულ საფრთხეს ებრძოლოს. მართალია, ეს მიდგომა ეფექტური იქნება – ვნახეთ, რომ იმ რეიდის დროს ბევრი უკანონო იარაღი, ნარკოტიკი და ა.შ. ამოიღო. თუმცა, მნიშნელოვანია, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნონ – რამდენი შემოწმდა და პროცენტულად რამდენს აღმოაჩნდა უკანონო ნივთი. შესაძლოა, 10 პროცენტს. ბუნებრივია, კითხვა ჩნდება – რამდენად ღირს ამ 10 პროცენტის გასაუვნებელყოფად 90 პროცენტის უფლებების შელახვა?!
სამინისტრომ უფრო მეტად უნდა შეიწუხოს თავი, მეტი იმუშაოს და საფრთხის იდენტიფიკაცია და კონკრეტიზაცია უნდა მოახდინოს და ოპერატიული ღონისძიებები მხოლოდ ამის შემდეგ გაატაროს. ბუნებრივია, მთელ ქვეყანას თუ გაჩხრეკს, ბევრ უკანონო იარაღს ამოიღებს, მაგრამ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნება,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ვახუშტი მენაბდემ და დასძინა, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რამდენიმე ორგანიზაციამ პარლამენტს რეკომენდაციები და მოსაზრებები გაუგზავნა. თუმცა, მიიჩნევს, რომ მათ დღევანდელი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს.
საპირისპიროს აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს.
მისი თქმით, “ვინც ამბობს, რომ რეიდები კანონდება, როგორც ჩანს არც მოქმედი კანონი და არც აღნიშნული კანონპროეტი არ წაუკითხავს. თორემ ნახავდა, რომ რეიდების განხორციელების უფლება დღეს შსს ისედაც აქვს”.
“დღეს შევარდნაძისეული გაცილებით მძიმე პოლიციის კანონი გვაქვს, რომელიც მოქალაქეს დაუცველს სტოვებს და მასში ძალიან ბევრი ხარვეზია. ახალი პროექტით კი, პოლიციის უფლება-მოვალეობების თვალსაზრისით მიდგომა მთლიანად იცვლება და ერთიან სისტემაში ექცევა ის რეგულაციები, რომლითაც პოლიციელი უნდა ხელმძღვანელობდეს.
ძირითადი ფუნქცია, დანაშაულის პრევენციაა და შემდეგ კანონდარღვევებზე რეაგირება. ცენზი, რომელიც არსებობდა, რომ 35 წლის ზემოთ პოლიციაში არავინ არ უნდა მიეღოთ, ეს იხსნება და ასეთი შეზღუდვა აღარ იქნება, რაც კარგი და დემოკრატიულია,” _ აღნიშნავს ბესელია.
მისივე თქმით, ტერმინი “გონივრული ეჭვი” უქმდება და შეჩერება, ზედაპირული შემოწმება და სხვა ტიპის მოქმედებები, რომელიც “პრევენციისთვისაა აუცილებელი, არა თვითნებურად, არამედ საკმარისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოხდება”.
“ეს კანონპროექტში ძალიან დახვეწილად და გასაგებად წერია. მთლიანობაში ეს არის ძალიან კარგი კანონპროექტი, რომლითაც სწორედ ის ხარვეზები ამოივსება, რაც მოქმედ კანონშია,” _ ამბობს დეპუტატი.
კითხვაზე თუ რა შეიძლება იყოს ადამიანის გაჩხრეკის საფუძველი, ბესელია პასუხობს, რომ ამის მიზეზი კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული გარემოებები შეიძლება იყოს.
“კანონში ხომ ვერ ჩაწერ თუ რა შეიძლება იყოს კონკრეტული გარემოება. პოლიციელი, რომელიც მოქალაქეს აჩერებს, ვალდებულია დაასაბუთოს რა გარემოებების გამო მიიტანა ეჭვი, როდესაც რომელიმე მოქალაქე შეაჩერა ან ზედაპირულად შეამოწმა,” _ აცხადებს ბესელია.
ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ “ძალიან კარგი იქნება, თუ კანონპროექტის განხილვაში ბევრი ორგანიზაცია ჩაერთვება”.