“მსგავსი შეხვედრების დანიშნულებაა, ორმხრივი კომუნიკაცია შედგეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და დარგის ექსპერტებს შორის. დღეს ექსპერტები გაეცნენ მიმდინარე პროცესებს, მოითხოვეს რამდენიმე საკითხის დაზუსტება. მათ აქვთ საინტერესო მოსაზრებები, რომელზედაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი გააგრძელებს მუშაობას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
“საუბარი, ძირითადად, იყო იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით ხდება პროექტების შერჩევა. ჩვენ გავაკეთეთ სუბსიდირება სასოფლო-სამეურნეო სესხების იმისათვის, რომ მსესხებელს მიეღო იაფი სესხი. საბანკო სექტორს თავისი კრიტერიუმები აქვს. ვაპირებთ, რომ უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ საკითხებში, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ასეთი სესხი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას განცხადებით, შედგა საინტერესო დისკუსია, გამოითქვა იდეები და შენიშვნები. ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ექსპერტებს სამინისტროს განსახორციელებელი პროექტების ერთობლივი განხილვა შესთავაზა.
ექსპერტებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თემურ გიორხელიძე, ირაკლი ლექვინაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, ემზარ ჯგერენაია, მიხეილ ჯიბუტი, რევაზ საყევარიშვილი, მერაბ კაკულია, სიმონ გელაშვილი, ალექსანდრე თვალჭრელიძე.
სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მიღების სურვილი ეკონომიკური დარგის ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას გამოთქვეს.