ქ. თბილისის მერიის არაერთი წერილობითი თუ საჯარო მიმართვის მიუხედავად პარლამენტმა არ გაითვალისწინა კანონში შეტანილი ცვლილებების ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას დედაქალაქში სამშენებლო პროცესების შეფერხების კუთხით. კერძოდ, დედაქალაქის ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ (ძველ) უბნებში სამშენებლო პროცესი და ნებართვების გაცემა ხორციელდებოდა დედაქალაქის თვითმმართველობის (მერიის) მიერ, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, სამართალწარმოების მაღალი სტანდარტისა და ერთიანი საჯარო პროცესის ფარგლებში. ქ. თბილისის მერიის მიერ უკანასკნელი წლების მანძილზე, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში სანებართვო საქმიანობის უკეთ და ეფექტურად განხორციელების მიზნით, გატარებული ტექნიკური, სამართლებრივი თუ მმართველობითი ღონისძიებების ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივება და მოწესრიგება; შეიქმნა და დაინერგა ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა, რომლის მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერით მიიღოს მშენებლობის ნებართვა, შემცირდა სანებართვო ვადები და ა. შ.
იმ პირობებში, როდესაც კულტურის სამინისტროს არ გააჩნია მშენებლობის ნებართვებზე იმ რაოდენობის განაცხადების მიღებისა და განხილვის, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური, პრაქტიკული თუ სხვა რესურსების მართვის გამოცდილება, როგორც ეს იყო ქ. თბილისის მერიაში, ვიმედოვნებთ, რომ სამინისტრო თავს გაართმევს დედაქალაქში სამშენებლო პროცესების მართვას და დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობა-ნაგებობების სამშენებლო განვითარება რეალური პერსპექტივის გარეშე არ დარჩება.