სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიაში ჩაერთო.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მსჯავრდებული ქალბატონების ნებაყოფლობითი სკრინინგი და ძუძუს კიბოს პრევენციის საჭიროებების დადგენის მიზნით, გამოკითხვის ჩატარება.
ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყო. კამპანიის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ კამპანიის ორგანიზატორები და პარტნიორები, მათ შორის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც სკრინინგის, ქალთა ინფორმირებულობის, კლინიკური კვლევების ხელმისაწვდომობისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციას. ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებულ კიბოსა და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში. 2011 წლის დასარულს საქართველოში ამ დაავადებით, აღრიცხვაზე იმყოფებოდა 7 211 ქალბატონი. ამავე წელს დარეგისტრირდა ძუძუს კიბოს 1 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.