“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ, როგორც საქართველოში ფეხბურთის მმართველმა უპირველესმა ორგანომ, საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვეფიქსირებინა იმ განუზომელი ბოროტების წინააღმდეგ, რაც ამ ქართულ სოფლებში რუსი ოკუპანტების მიერ ხორციელდება.
ფეხბურთი ყოველთვის იყო ერებისა და ხალხების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა, რომელშიც ადგილი არ ჰქონდა ეროვნებისა და პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ხალხის დაყოფასა და ჩაგვრას. ქართული ფეხბურთის უდიდესი თარიღი – 1981 წლის 13 მაისი, სწორედ, ორმა დიდმა ქართველმა – ეროვნებით აფხაზმა ვიტალი დარასელიამ და ეროვნებით ოსმა ვლადიმერ გუცაევმა შექმნეს. დღეს, დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები კი, ჩვენი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეების აღშფოთებასა და წუხილს იწვევს.
ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები,რომლებიც 6 ოქტომბერს, საქართველოს ექვს ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ქობულეთში, განმუხურში, მარტვილსა და მცხეთაში ჩატარდება, ლოზუნგით “დიცი და დვანი – საქართველოა” – გაიმართება.
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის ფეხბურთელები მატჩებს სწორედ, ამ წარწერის მქონე მაისურებით დაიწყებენ და ეს იქნება ქართული საფეხბურთო ოჯახის ხმამაღალი პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ,” _ ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.