კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება: საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და პარლამენტის როლი ევროკავშირთან დაახლოების საკითხებში.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
კონფერენცია 7 ოქტომბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დილის 10 საათზე გაიხსნება. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი ლორეტა გრაუჟინიენე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, და ჰანს ჰორბახი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში
17 საათზე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერის, ლორეტა გრაუჟინიენეს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.