აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“გავრცელებული ინფორმაცია, რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურის მოწამვლასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. რამდენიმე ჯარისკაცს, და არა ათეულობით ან ასეულობით მათგანს, მხოლოდ ერთხელ დაუდგინდა დიარეა საველე ბაზაზე. სამხედროები დაუყონებლივ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. შპს “ქართული კვების კომპანიის” მიერ სამხედრო მოსამსახურეთა მოწამვლის ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურდა,” _ ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფირცხალაიშვილმაც გააკეთა:
“არ ვეთანხმებით იმ ციფრებს, რაც სტატიებში ბოლო დროს გამოქვეყნდა. რამდენიმე ხნის წინ დაფიქსირებული მოწამვლის შემდეგ, ჯარისკაცები გადაყვანილი იყვნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სამი დღის მანძილზე ჩაუტარდათ გამოკვლევები. ლაბორატორიულმა კვლევებმა არ დაადასტურეს საჭმლით მოწამვლა. ზოგადად დადგინდა, რომ ეს იყო დიარეა. დიარეა ეს არის მოწამვლის ყველაზე მსუბუქი ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ასევე რაიმე ენტეროვირუსით ან სხვა მიზეზის გამო. ჩვენ არ ვადასტურებთ ამ ფაქტს და იმ რაოდენობებს, რომელიც იქნა გამოქვეყნებული. საკვების ყოველი გაცემის წინ თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახური იღებს ნიმუშებს ყველა მომზადებულ საკვებზე და ეს ინახება შემდგომი ლაბორატორიული სამუშაოებისთვის. მოხდა ასევე ამ ნიმუშების შესწავლა, რის შედეგადაც საჭმლით მოწამვლა არ დადასტურდა,” _ განაცხადა ფირცხალაიშვილმა.