2013 წლის 18 სექტემბერს ცეზარ ჩოჩელი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს ფონანსთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალად წარედგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.
ბრალდების მიხედვით, 2010 წლის აგვისტოში სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს შპს “რკინაბეტონის შპალის ქარხნის 100%-იანი წილი საპრივატიზაციოდ გავიდა ღია აუქციონზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, თუმცა მსურველი იყო მხოლოდ ერთი კომპანია _ შპს “მიქსორი”, რომლის დამფუძნებელიც არის ცეზარ ჩოჩელის ძმა, იაგო ჩოჩელი. 6 850 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, სწორედ აღნიშნული კომპანია გახდა შპალის ქარხნის 100%-იანი წილის მფლობელი.
ბრალდების დადგენილებაში ვკითხულობთ: “2008 წლის 04 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ცეზარ ჩოჩელი დანიშნული იქნა რა დუშეთის, მთიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულად, განიზრახა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით გიორგაძის დახმარებით მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შპს “რკინაბეტონის შპალის ქარხნის” 100%-იან წილს მისთვის სასურველ ფასად მისი ძმის იაგო ჩოჩელის საკუთრებაში არსებული, ფაქტობრივად მის გამგებლობის ქვეშ მყოფი შპს “მიქსორის” სახელით, ქარხნის მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლით მოეხდინა შპს “მიქსორის” სახელით, “მიქსორის” მიერ სს “თი ბი სი” ბანკიდან ქარხნის შესასყიდი სესხის დაფარვა და დარჩენილი თანხით განევითარებინა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული საწარმოები, რომელთაც დღემდე არ აქვთ დაფარული ქარხნის მიმართ არსებული დავალიანება”.
_ ბატონო ცეზარ, თქვენ ამტკიცებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში თქვენი ბიზნესის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება. რა გაძლევთ ასეთი განცხადებების გაკეთების საფუძველს?
_ ხო, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნათ ის დამოკიდებულება, რაც დღეს არის? აუქციონამდე 10 დღით ადრე გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი და თვითონ გააკეთა რეკლამა იმის, რომ 6 800 000 დოლარად გამოტანილი იყო შპალის ქარხანა გასაყიდად და ინვესტორებს ყურადღება მიექციათ . ეს ყველაფერი დღეში ათჯერ ყველა არხზე გადიოდა. ნათქვამი იყოს ისიც, რომ ამ ქარხანას კონტაქტი ჰქონდა რკინიგზასთანაც და ბევრი რესურსი გააჩნდა. ამას ეძახიან გარიგებას? საყოველთაოდ იყო გაცხადებული!
_ გარიგება როდის იქნებოდა, აბა, პირდაპირი მიყიდვის წესით რომ მოეცათ?
_ რა პრობლემა იყო, რო? ერთ ლარად რომ მოეყიდათ, ან ეგ რა პრობლემა იყო? მანდ სახელმწიფოს მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ის კონტრაქტი, რომელიც არსებობდა, შესრულებულიყო. ეს კონტრაქტი იდგა რისკის ქვეშ. ვერა ქობალია თავად სთავაზობდა ბიზნესმენებს, რომ მიეღოთ აუქციონში მონაწილეობა.
ჩემი ძმის კომპანიამ სხვათაშორის, აუქციონამდე სამი დღით ადრე მოაგვარა ფულის პრობლემა , მანამდე არ ჰქონდა განაცხადი შეტანილი. თუ შეუძლიათ, რამე რეალური იპოვონ, რასაც ვერ იპოვნიან, თუ არადა, როდემდე უნდა ატარონ ეს ერთი გარეწარი ნიკოლოზ შაქარაშვილი მოწმედ? რატომ ვერ მოძებნეს კომპანია, რომელსაც შპალის ქარხნის შეძენის სურვილი ჰქონდა და ვერ შეიძინა? რამ შეუშალათ ხელი?
_ ბრალდების დადგენილებაში კი ვკითხულობთ: “2010 წლის ივლისის თვეში ცეზარ ჩოჩელი დაუკავშირდა შპს “ნიუ ენერჯის” 100 %-იანი წილის მფლობელს ნიკოლოზ შაქარაშვილს და განუმარტა, რომ იგეგმებოდა შპს “რკინაბეტონის შპალის ქარხნის” 100% წილის პრივატიზება ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რის პარალელურადაც შპს საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერი რკინაბეტონის შპალის შესყიდვის თაობაზე 77 499 000 ლარზე, რომლის მიწოდებაც უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე. ნ შაქარიშვილმა ცეზარ ჩოჩელთან შეთანხმებით, შპს “რკინაბეტონის შპალის ქარხნის” დაზღვევის მიზნით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტენდერში.” საუბარია იმაზე, რომ ხელოვნურად მიაღებინეთ “ნიუ ენერჯის” ტენდერში მონაწილეობა… სხვათაშორის, შაქარაშვილთან, თქვენ არაერთგზის გქონიათ შეხება, ასე არაა?
_ მაგასთან შეხება მქონდა ლტოლვილთა დასახლების მშენებლობის დროს. მანამდე შეხება მქონდა ახალგორის რაიონში გაყავდა წყალი და ომი რომ დაიწყო, ძალიან ბევრი ტექნიკა და მასალები დარჩა იქ. მაშინ ძალიან ისე, ნორმალურად მოიქცა. როცა ვიწყებდით ლტოლვილთა სახლების მშენებლობას, ვეძებდით კომპანიებს, რომლებიც თავის თავზე აიღებდა ამ სახლების მშენებლობის დასრულებას და ერთადერთი ეს გადარეული აღმოჩნდა, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა.
_ ანუ, თქვენ მაშინვე იცოდით, რომ სამ თვეში სამი ათასი სახლის მშენებლობა დიდი აბსურდი იყო?
_ “აბსურდი” დავამთავრეთ სამ თვეში. სამ თვეში სამი ათასი სახლი აშენდა. პლუს დავამთავრეთ სამასი ბინა კარკასის შენობებში. დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ხარისხთან დაკავშირებით, რაზეც მე ყოველთვის ვამბობ ერთ რამეს, დადგეს ვინმე და დახატოს სამ თვეში ეს სახლები. წარმოგიდგენიათ სამ თვეში სამი ათასი სახლი?!
_ ამ სახლების მშენებლობაში სახელმწიფომ ფული გადაგიხადათ?
_ ჩემთვის რა ფული უნდა გადაეხადათ? მე გუბერნატორი ვიყავი და კომპანიებს კი გადაუხადა.
_ საბრალდებო დასკვნაში არის ეპიზოდი, სადაც წერია, როგორ ჩამოგაწერათ სახელმწიფომ ვალი და არც თუ ისე მცირე, საუბარია 6 278 012 ლარზე, რის გამოც 2010 წლის 24 აგვისტოს სპეციალურად მოიწვიეს მთავრობის სხდომა. ასე პატიობდა მთავრობა ამხელა ვალს სხვა კომპანიებსაც?
_ ვალი ჩამოწერა მთავრობამ, აქ არის მთავრობა და თუ პრეტენზიები აქვთ, მიაკითხონ მათ. რაც შეეხება კითხვას, სახელმწიფო ყიდდა, გამოჩნდა მყიდველი და იყიდა. თუ არ უნდოდათ, ნუ გაყიდდნენ! ჩემი ძმა განცხადებით შევიდა, ყიდვა მინდაო?! შესაბამისად, ვიღაცა რისკავს, ვიღაც _ ვერა.
_ პროკურატურაში დაკითხვების დროს იყო თქვენზე რამე სახის ზეწოლა? ვინმეს წინააღმდეგ გთხოვდნენ ჩვენების მიცემას?
_ თავიდან იყო საუბარი, რომ თითქოს მე ვანო მერაბიშვილთან ვმეგობრობდი და ის იყო რაღაც წილში, რაც აბსურდია. ასეთი რამე არ ყოფილა. მე ერთი რამე მინდა ვთქვა. ადამიანმა არ შეიძლება შენი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ააგო. ადამიანთან, რომელთანაც შეხება არ მქონია გარიგების მსგავსი, იმის სანაცვლოდ, რომ მე ვყოფილიყავი კარგად, სისულელეებს არ ვილაპარაკებდი და ვერავის ხელს ვერ დავადებდი. კაცობიდან არაკაცობამდე ერთი ნაბიჯია და არაკაცობიდან კაცობამდე ვეღარ მიდიხარ. ზოგს თავმოყვარეობა არ აქვს, ზოგს რაც საჭიროა, იმაზე მეტი აქვს. ერთადერთი, რაც მაგ ადამიანთან მაკავშირებს, ახალგორია.
_ რა ხდებოდა ახალგორში?
_ გადმოდიოდნენ ოსები, იტაცებდნენ ყველაფერს, საქონელს, ფრინველს და ბოლოს ადამიანებზე გადავიდნენ. მე მაშინ დეპუტატი ვიყავი, ჩამოვედი და ვთხოვე, რომ ჩაეყენებინა სპეციალური დანიშნულების რაზმი. როგორც კი ვუთხარი, ჩაჯდა ჩემთან ერთად მანქანაში, ჩაისვა 4 თუ 5 სპეცრაზმელი და წამოვიდა ჩემთან ერთად. სადამდეც მანქანებით მივედით, მივედით, მერე ცხენებით წავედით. ამის შემდეგ, მინიმუმ თვეში ერთხელ დავდიოდით ამ ბიჭებთან, ვჭამდით, ვსვამდით და ზოგჯერ ვრჩებოდით. ჩვეულებრივ, რაღაცეებზე ვკამათობდით. აი, აქედან ვმეგობრობდით…
თუ წინა ხელისუფლებაში ვაშავებდით ჩემი ჩათვლით, თქვენ მაინც ნუ დააშავებთ, სამართლიანობის ლოზუნგით რომ ხარ მოსულები. ეს ხალხი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ კერავს საქმეებს, მუშაობენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ამათი ქმედებით მარტო “ბერტაში” უმუშევარი დარჩა 600 კაცამდე, 200-ზე მეტი შპალის ქარხანაში და ბიუჯეტი კარგავს გადასახადებს. დღეს, ჩვენს ქარხნებში დარჩენილია დაახლოებით 4000 კაცი და ახლა ამათაც უმუშევრობა ემუქრებათ.
(რადიო თავისუფლების ფოტო)