“ვეთანხმები ნინო ბურჯანაძეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მართლაც მიუღებელი გზაა და ამ შემთხვევაში ქართველები აღჭურვილი უნდა ვიყოთ ჩვენი წინაპრების ტოლი უნარით. ამ საკითხზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, რადგან თუ ვერ ასახელებს კონკრეტულ გვარებს აზრი საფუძვლის გარეშე რჩება,” _ აცხადებს ქუცნაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას.
_ იმ შემთხვევაში თუ გვარები დასახელდებოდა, მე შევძლებდი იდენტიპიცირებას ისინი პარტია “ქართული ოცნების” წევრები არიან, თუ მას მხედველობაში აქვს კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები. იდენტიპიცირების გარეშე სრულყოფილი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვარ.
_ თქვენ ამბობთ, რომ პარტია “ქართულ ოცნებაში” არ არიან ასეთი ადამიანები. თუმცა, კოალიციაში არიან?
_ არა, მე ვამბობ, რომ ნებისმიერი ბრალდების საფუძველი იდენტიფიცირებული ინფორმაცია უნდა იყოს, რადგან როცა ასახელებ, რომ “ოცნებაში” არის ხალხი, ვინც ამის მომხრეა, ამ ხალხს უნდა ჰქონდეს სახელი და გვარი. ბურჯანაძე არ აკონკრეტებს პარტია აქვს მხედველობაში თუ კოალიცია და ამიტომაც, ვითხოვ, დაკონკრეტებას.
შეგახსენებთ, დღეს “დემოკრატიული მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გზა მათ აღიარებაზე გადის”. თუმცა, მან ამ ადამიანების ვინაობა არ გაამხილა.
“ჩვენი შეხვედრის დროს პირდაპირ ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ საქართველოში არ აღმოჩნდება არც ერთი პოლიტიკოსი, თუნდაც სუპერპრორუსული, რომელიც აფხაზეთისა და ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებას ოდესმე დაეთანხმება. თუმცა, სამწუხაროდ, მე მასთან არ ვთქვი, მაგრამ საქართველოს პარლამენტში, მათ შორის “ოცნებაში” სხედან ის ადამიანები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ აფხაზეთისა და ოსეთის და ჩვენი ურთიერთობის გზა გადის მათ აღიარებაზე და მერე ევროკავშირში ერთად გაწევრიანებაზე. ნუღარ დამაკონკრეტებინებთ, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი გზაა,” _ განაცხადა ბურჯანაძემ.