“ნაციონალმა” დეპუტატმა ამის შესახებ “გურია ნიუსს” მთავრობის კანცელარიის უფროს მაია ცქიტიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსდეს.
“ვფიქრობ, ავლაბრის რეზიდენცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სრულიად შეუფერებელი და ზედმეტად დიდია. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი იქნებოდა, თუ ამ შენობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია განთავსდებოდა, რადგან ყველანაირად შეეფერება. მართალია არ ვიცით ვინ იქნება ის – ქალი თუ კაცი, მაგრამ უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ქვეყნის წამყვანი თანამდებობის პირისთვის ავლაბრის რეზიდენცია ყველაზე შესაფერისი იქნებოდა,” _ ამბობს კანდელაკი.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ავლაბრის სასახლეში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ სიმბოლიზმს ხედავენ, რადგან მისი რეკონსტრუქცია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა.
“მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი ცეკას შენობაში არ საქმიანობდეს, რადგან ის (კანცელარიის შენობა) ნეგატიური სიმბოლიზმითაა აღსავსე,” _ უთხრა “გურია ნიუსს” კანდელაკმა.