პროექტის თანახმად, ახალი 2014 სასწავლო წლიდან ექვსწლიანი მუსიკალური და სახელოვნებო სკოლები სურვილის მიხედვით გადავლენ შვიდწლიან სწავლებაზე. გარდა ამისა, მუსიკალური სკოლების დამთავრების დამადასტურებელ მოწმობებს გასცემს კულტურის სამინისტრო.
შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც დაინერგება არა მარტო დედაქალაქის მუსიკალურ სკოლებში, არამედ რეგიონულ სტუდიებში. ამ მიზნით კი თვითმმართველობებთან გაფორმდება მემორანდული.
როგორც პედაგოგები და მუსიკალური სკოლების მოსწავლეთა მშობლები ამბობენ, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას და უფრო დაინტერესებას. რაც შეეხება კულტურის სამინისტროს მიერ მოწმობების გაცემას, ეს პედაგოგების თქმით უფრო დიდ სტიმულს მისცემს სკოლების აღსაზრდელებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმის განხორციელება მინისტრის რეგიონებში ვიზიტების შემდეგ დადგა დღის წესრიგში. ამ მიზნით კონსერვატორიაში შეიქმნა შესაბამისი დარგის სპეციალისტების სპეციალური კომისია, რომელმაც განიხილა საკითხი და ფაქტობრივად დაასრულა შვიდწლედის, ცხრაწლედის და თერთმეტწლედის სასწავლო პროგრამებზე მუშაობა.