ამ მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის მცხოვრებლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. ზოტში ტრენინგების მაქსიმალურად კარგად ორგანიზება, დამსწრე საზოგადოებასა და სტუმრებს შორის გულღია და საქმიანი კომუნიკაცია ზოტის საშუალოსკოლის დირექტორის ზაზა ანთაძის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ზოტში მცხოვრები თამილა ქათამიძის თქმით, ახალი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია ტრენინგის შედეგად გაიგო. მისივე თქმით, არჩევნებზე მისვლა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყველამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. ქალბატონი თამილა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას ღიად აფიქსირებს და იმედია აქვს, რომ მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები გველის.
შორენა მიქელაძე თვლის, რომ ახალი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის შესახებ მისთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღო, ხოლო კენჭისყრის პროცედურები კარგად აქვს შესწავლილი, რადგან აქტიური ამომრჩეველია. იგი თვლის, რომ არჩევნებზე მისვლა ყველასთვის აუცილებელია.
_ ერთი ხმაც ხომ გავლენას ახდენს შედეგზე?! _ დასძენს შორენა მიქელაძე.
27 ოქტომბრის შემდეგ არჩეული პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს ზოგადად იცნობს ლალი ანთაძე, რომელიც ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციას, იცნობს კენჭისყრის პროცედურებს და ამბობს, რომ არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეს: _ თუნდაც იმიტომ, რომ შენი ხმა არ დაიკარგოს. ერთი ხმაც ხომ გადამწყვეტია, _ ამბობს ქალბატონი ლალი ტრენინგის მოსმენის შემდეგ.
ლელა გიორგაძე კი აღნიშნავს, რომ არჩევნებზე მისვლა მისი ხმის დასაფიქსირებლად, საკუთარი ნების გამოსახატავად აუცილებელია, რადგან ერთ ხმას ქვეყნის ბედის შეცვლა შეუძლია.
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ქალბატონების თქმით, ასეთი სახის შეხვედრები უფრო ხშირად უნდა მოეწყოს, რადგან იქ, სადაც ყოველდღიური პრესა ვერ აღწევს, სადაც ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები ნაკლებადაა, მსგავსი შეხვედრები ხშირად ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროს და არასამთავრობო სექტორთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.