“ეროვნულმა ფრონტმა” სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“იმ პირობებში, როცა რუსეთის ფედერაციამ მოახდინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აღიარა საქართველოს ამ ძირძველი რეგიონების დამოუკიდებლობა, ე.წ. საზღვარზე გააბა მავთულხლართები და აღმართა რკინის გისოსები, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაუშვებლად მიიჩნევენ 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალ რეალობასთან შეგუებისკენ მოგვიწოდებენ, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი, თითოეული ქართველი სპორტსმენი ვალდებულია დადგეს ქვეყნის და ერის ინტერესების სადარაჯოზე, ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახოს, რომ ქართველები არასოდეს შევეგუებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას.
სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა იქნება ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის და ერის ღირსების ფეხქვეშ გათელვის თვალსაჩინო მაგალითი, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა. ქართველი სპორტსმენები ქართველი ერის ნაწილს წარმოადგენენ და მათ არ აქვთ უფლება ტრიუმფატორი ოკუპანტის წინაშე წარდგნენ როგორც დამარცხებული და მუხლებზე დაჩოქებული ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არც მათ სპორტულ მოტივაციას წაადგება.
ამიტომ, მოვუწოდებთ, ოლიმპიურ კომიტეტს და ქართველ სპორტსმენებს დაიცავით სახელმწიფოს და ერის ღირსება. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ შეგვწევს ძალა ადეკვატური პასუხი გავცეთ მტრის სამხედრო აგრესიას, მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნი ვართ ოკუპანტებს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ საკუთარი ქვეყნის და ერის ღირსება!” _ ნათქვამია განცხადებაში.
ევგენი მიქელაძემ და “ეროვნული ფრონტის” წევრებმა ბოიკოტისკენ მოუწოდეს როგორც ოლიმპიურ კომიტეტს, ასევე სპორტსმენებს და აღნიშეს, რომ ოლიმპიადაზე წასულ სპორტსმენებს სირცხვილის კოლიდორში მოუწევთ გავლა.
აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი აქციებს გააგრძელებენ.