ინგა ქარდავა:
_ უკვე მეორე საღამოა სენაკში ელექტროენერგია ითიშება. ასე აჩვევენ ხალხს იმისთვის, რომ არჩევნებზე შუქი თუ ჩაქრება, ყველა იფიქრებს, ისევ გათიშვააო. ამ წუთში ვარ სენაკის გამგეობასთან. აქ არიან გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები და ხელმძღვანელები, აქ იყო გურამ მისაბიშვილიც, მაგრამ როგორც კი ჩვენ დაგვინახა, ჩახტა მანქანაში და წავიდა. ეს ორი საღამოა, აწ უკვე ოცნებაში გადაბარგებული მისაბიშვილი, ხვდება სენაკის თემის ხელმძღვანელებს და კატეგორიულად აფრთხილებს, რომ ხმები მისი სურვილის შესაბამისად უნდა იყოს განაწილებული. მე დამირეკეს ფოცხო-ეწერის და ნოქალაქევის თემიდან და მაცნობეს ეს ინფორმაცია.
_ როგორ ფიქრობთ, ვის სასარგებლოდ უნდა გააყალბოს მისაბიშვილმა ხმები?
_ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, ვის მხარესაა ახლა მისაბიშვილი. ფაქტია, ოცნების სახელით მოქმედებს და აგრძელებს წლების განმავლობაში განხორციელებულ კრიმინალურ ქმედებებს. მის გვერდით ისევ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან და ძნელი გასარკვევია, რეალურად ვის მხარესაა-ბაქრაძის თუ მარგველაშვილის.
სამარცხვინოდ გურამ მისაბიშვილი გვევლინება “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენლად სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქში. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, თუ რა არჩევნებს გვიტარებდნენ წლების განმავლობაში მისაბიშვილი და მისი ხროვა, რომლებიც დღესაც გააქტიურებულები არიან. ამიტომაც, არ მოვადუნებთ ყურადღებას და არ მივცემთ არავის საშუალებას სენაკის მოსახლეობა აბუჩად აიგდოს.
“გურია ნიუსი” ენერგო პრო-ჯორგიას სამგრელოს რეგიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ეკა ურიდიას დავუკავშირდით.
_ სენაკიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ უკვე მეორე საღამოა სენაკში ერთსა და იმავე დროს ითიშება ელექტროეგენგია…
_ ამ წუთებში მართლაც გათიშულია ელექტროენერგია. მოხდა ავარია, უკვე გაგზავნილია ჯგუფი და 20-25 წუთში აღდგება მიწოდება. გუშინ კი ნამდვილად არ ყოფილა ჩამქრალი შუქი. მე თვითონ სენაკში ვცხოვრობ და პირველი მე მეცოდინებოდა ამის შესახებ. არანაირი პოლიტიკური სარჩული არ დევს ამაში.