მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდობიანად და ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დილიდან გამოვლინდა რამდენიმე ტიპის დარღვევა გორისა და ქარელის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე:
კერძოდ, ქარელის №33 საარჩევნოოლქის №41 საარჩევნო უბანში დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა საარჩევნო უბანზე; გორის №32 საარჩევნო ოლქის № 100 საარჩევნო უბანზე ბიულეტენის შეკვრას არ აღმოაჩნდა სპეციალური ყუა თავზე; გორის №32 საარჩევნო ოლქის №42 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის ჩაგდებისას დროის მითითება არ მომხდარა, რისი აღნიშვნაც შემდგომ მოხდა ჩანაწერთა ჟურნალში; გორის №32 საარჩევნოოლქის №54 საარჩევნო უბანზე იყო მცდელობა ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე, მხოლოდ მართვის მოწმობის მეშვეობით, დაეფიქსირებინა თავისი ხმა; გორის №32 საარჩევნო ოლქის №66 საარჩევნო უბანზე იყო მცდელობა მარკირების პროცედურის გარეშე გაეტარებინათ ამომრჩეველი;
დარღვევა დაფიქსირდა №51 საარჩევნო უბანზეც: კერძოდ,ლუქის ნუმერაცია არ დაემთხვა ჩანაწერთა წიგნში არსებულ ნუმერაციას; გორის №32 საარჩევნო ოლქის №78 საარჩევნო უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა აგიტაცია ნინო ბურჯანაძის და ქართული ოცნების სასარგებლოდ; კერძოდ, დამკვირვებელის ცნობით, რამდენიმე ქალი შევიდა საარჩევნო უბანზე და მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმა მიეცათ ან ნინო ბურჯანაძისთვის ან კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის, გიორგი მარგველაშვილისთვის. დარღვევა დაფიქსირდა გორის №32 საარჩევნო ოლქში №93 საარჩევნო უბანზეც: კერძოდ, დევნილები სპეციალური მოწმობის გარეშე აძლევენ ხმას. №91 სააარჩევნო უბანზე, ბროწლეთში- ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული ლუქის ნომრები არ ემთხვევა გადასატან ყუთში მითითებულ ლუქის ნომრებს; №52 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრები გადიან საუბნო კომისიის შენობის გარეთ და ესაუბრებიან ამომრჩევლებსა და კოორდინატორებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ “საზოგადოებრივი დამცველის“ რამდენიმე დამკვირვებელს პრობლემები შეექმნა საჩივრების დაწერასთან დაკავშირებით, თუმცა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ თხუთმეტამდე საჩივარი დაიწერა. რიგ შემთხვევებში, დამკვირვებლების მიერ შენიშვნების მიცემის შემდეგ, აღმოიხვრა დარღვევის ფაქტები.