ორგანიზაციამ მიავლინა PVT დამკვირვებლები ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ უბნებზე ყველა (73) საარჩევნო ოლქში. ხმების პარალელური დათვლა საშუალებას გვაძლევს მაღალკვალიფიციური დამკვირვებლების საშუალებით შევაფასოთ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგები.
ძირითადი დასკვნები
“სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, 17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 38.2% (+/-1.1% ცდომილების ხარისხით). ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 52.1 პროცენტს შეადგენდა.
დარღვევები
“სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც დაფიქსირდა არასთანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, მარკირების პროცედურის დარღვევისა და უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.
ამ დროისათვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:
აგიტაცია #43 (დმანისი) საარჩევნო უბანზე – საარჩევნო კაბინაში შემოხაზული იყო ნომერი 5;
არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 4 შემთხვევა – #4, #2, #19 (ახალციხე) და #33 (მარტვილი);
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 3 შემთხვევა #28 (სიღნაღი),#22 (დუშეთი)და #120(ქუთაისი) საარჩევნო უბნებზე;
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 2 ფაქტი – #27(კასპი) უბანზე არ ივსებოდა სადემონსტრაციო ოქმი, თუმცა დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა; #43 (დმანისი) საარჩევნო უბანზე ბლოკნოტიდან ბიულეტენის ამოხევის დროს, ბლოკნოტში არ დარჩენილა ბიულეტენის ის ნაწილი, რაზეც მითითებულია ბიულეტენის ნომერი. ასეთი სახით გაიცა სამასამდე ბიულეტენი;
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა #22 (ჩოხატაური) საარჩევნო უბანზე – კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა;
მარკირების არ შემოწმების 4 შემთხვევა#20(კასპი) საარჩევნო უბანზე;
მარკირება არ გაკეთდა #37 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;
#33 (საბურთალო) საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხელი დახვდა მოწერილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება;
#14 (ვანი) საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ერთიანი სიით და გადასატანი ყუთით;
#23 (მცხეთა) საარჩევნო უბანზე ძირითადი ყუთი უბნის გახსნიდან 14:30 საათამდე იყო დაულუქავ მდგომარეობაში, ხოლო 14:30 საათზე დაილუქა.
ამ დროისათვის “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 40 საჩივარი.