რა ხდებოდა დღეს საქართველოს საზღვრებს გარეთ და რამდენად დიდი იყო ემიგრანტების აქტიურობა, ამის გასარკვევად საბერძნეთში მყოფ ლია ციკარიშვილს დავუკავშირდით.
ლია ციკარიშვილი:
_ წელს არჩევნებზე მისულმა ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩვენი თავი საარჩევნო სიაში ვერ აღმოვაჩინეთ. შარშან ვინც სიაში ვიყავით, წელს უმეტესობა ამოგვყარეს. რეგისტრაციაში უნდა გატარებულიყავითო – გვითხრეს. რას ვიფიქრებდით, თუ სიაში არ ვიქნებოდით. ასე დაემართა ძალიან ბევრს, აზრადაც არ მოგვსვლია კიდევ თავიდან გადაგვემოწმებინა სიები, რა ვიცოდით, რომ შარშანდელი რეგისტრაცია ერთჯერადი ყოფილა. ახლახან შემოვედი სახლში. ნახევარზე მეტმა ვერ მიიღო მონაწილეობა. ჩაიარა განაწყენებულმა ამომრჩევლებმა უბანზე და კომისიის წევრები პასუხს ვერ ცემდნენ.
_ ხმა ვერ მიეცით, მაგრამ არჩევნებზე ხომ იყავით. რა სიტუაცია იყო და როგორ ჩაიარა არჩევნებმა?
_ დიდი აქტიურობა არ დაფიქსირდა. სულარეტყობოდა არჩევნები თუ მიმდინარეობდა. გინდა ბაზარში შესულხარ, გინდ სარჩევნო უბანში ასეთი სიტუაცია იყო. ვისაც როგორ უნდა ისე დაბოდიალობდა. კომისიის წევრები და დამკვირვებლები როცა მოესურვებოდათ ტოვებდნენ უბანს და გარეთ გადიოდნენ.
_ სალონიკში ორ საათზე ნაკლები რჩება უბნების დახურვამდე, როგორია თქვენი პროგნოზი?
_ ძნელია ამის თქმა. აქ ბურჯანაძესაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და დავითაშვილსაც. მოკლედ გაურკვეველი სიტუაციაა, რომ იტყვიან აჭრელებულია. ვნახოთ, იმედია ხალხის თავისუფალი არჩევანი დაცული იქნება.