კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მაშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ჩოხატაურში მოიპოვა _ მას ჩოხატაურელი ამომრჩევლის თითქმის 75-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე გავიდა, მესამეზე კი ნინო ბურჯანაძე.
საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული 38 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმიდან მხოლოდ ერთი _ ბურნათის საარჩევნო უბნის ოქმი იყო არასწორი. აღნიშნული ოქმის თანახმად უბანზე გამოცხადებული ამომრჩეველთა რაოდენობა 110 პროცენტს შეადგენდა.
შესაბამისი საჩივარი უკვე დაწერილია და კომისია გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს.
აღსანიშნავია, რომ #17 (ზოტი) საარჩევნო უბნიდან მოტანილ ოქმს თან ორი ფურცელი ახლდა, რომელიც საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მაგიდის ქვეშ ჩააგდო, თუმცა, ჩვენ ფურცლების ნახვა მაინც მოვახერხეთ. როგორც აღმოჩნდა ზოტიდან ცარიელი შესწორების ოქმები ჩამოიტანეს და მასზე როგორც კომისიის ბეჭედი, ასევე ყველა წევრის ხელმოწერა იყო. ჩვენ კითხვაზე რატომ ჩამოიტანეს ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული ცარიელი ოქმი, კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ ამის მითითება საოლქოდან მისცეს, თუმცა, ამას არ დაეთანხმა თემურ კუტუბიძე:
_ რა გინდათ ახლა, თქვათ რომ მე დავავალე? მე არაფერი მითქვამს და აქ რა უთხრეს არ ვიცი, _ აღნიშა კუტუბიძემ.
ზოტის საარჩევნო კომისიის მდივანმა აღნიშნული ოქმის უკან წაღება მოინდომა, თუმცა, ორიდან ერთ-ერთი ორიგინალის მოპოვება მაინც შევძელით. აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტზე იქ მყოფ არცერთ დამკვირვებელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.




































































