პატივცემულო ბატონო გიორგი, ქალბატონო თამარ, ბატონო ვლადიმერ, ქალბატონებო და ბატონებო, თავს ვალდებულად მივიჩნევ გავაკეთო საჯარო კომენტარი იმ პრობლემებზე, რომლებიც სამწუხაროდ კვლავ ახასიათებს ვითარებას ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.
აგვისტოს ბოლოს, რექტორის არჩევნების შემდეგ, მე შევიტანე საბუთები ამ უნივერსიტეტის პოლიტიკური მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ეს თანამდებობა მე მეკავა 2006-2009 წლებში. კონკურსი, რომლითაც 2009 წელს თანამდებობა დავკარგე, საჯაროდ არაერთხელ შევაფასე როგორც გაყალბებული და დისკრიმინაციული. სამწუხაროდ, ამ ახალ ვითარებაში, იმავე პიროვნებებმა, იგივე შემართებით, ხმა მისცეს ჩემს წინააღმდეგ. ამით მათ ირიბად დაადასტურეს ადრე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება და კვლავაც ჩამომართვეს ის უფლება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით მე მეკუთვნის – ვასწავლო სტუდენტებს და წვლილი შევიტანო ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში.
საჭიროდ ვთვლი თქვენი ყურადღება მივაქციო ამ ვითარებას იმის გამო, რომ ეს არის არა მარტო ჩემი პირადი პრობლემა, არამედ იმ სისტემური მანკიერების გამოვლინება, რომელიც სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს. არსებული საკონკურსო სისტემა არ პასუხობს სამართლიანი კონკურენციის, ეთიკის ნორმების დაცვისა და ხარიხსის უზრუნველყოფის ამოცანებს. ის კვლავაც ტოვებს სრული თვითნებობის, მიკერძოებისა და პოლიტიზირების ვრცელ შესაძლებლობებს. ამ შესაძლებლობებით დღეს სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებიც, გუნდურად, უფრო მაღალი კომპეტენციისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე კონკურენტებს იცილებენ.
თუკი არ გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადმინისტრაციული თვითნებობიდან შინაარსობრივ კონკურენციაზე გადასვლას, პრობლემის გამოსწორების ნაცვლად მოხდება მისი ახალი ინტერნალიზაცია და შემდგომი გამწვავება. ამგვარი რეფორმების განხორციელება დღევანდელ ვითარებაში მხოლოდ მეცნიერთა და პროფესორთა ძალისხმევით თითქმის შეუძლებელია. აუცილებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ხელისუფლებამ მთლიანობაში, საზოგადოების ფართო თანამონაწილეობით, დაიწყონ მსჯელობა იმ ცვლილებებზე, რომლებიც უნივერსიტეტებში მდგომარეობის გამოსწორებას მოიტანს.
აუცილებელია ეთიკასთან დაკავშირებული კონფლიქტების საჯარო განხილვა და არა მათი მიჩქმალვა ან სასამართლოში გადატანა. როდესაც 2013 წელს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება იგივე პიროვნება, ვინც ადრეც მებრძოდა, ხოლო ჩემი მხრიდან მისი აცილების მოთხოვნა არ კმაყოფილდება, ეს ზიანს აყენებს უნივერსიტეტის რეპუტაციას. როდესაც საჯაროდ ვაკეთებ განცხადებებს, რომლებიც ამ პიროვნების წესიერებასა და კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს, მე მოველი ასევე საჯარო რეაგირებას და მზად ვარ პასუხის გასაცემად. ეთიკის საკითხების გარე არბიტრაჟის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება, ვერ დამკვიდრდება კონკურენციის სამართლიანი წესები და ვერ წავა წინ ვერც მეცნიერება და ვერც ცხოვრების სხვა სფეროები. მძიმე რეპუტაციული ბრალდებების იგნორირება, რომელიც ქართული პოლიტიკისთვის არის დამახასიათებელი, არ უნდა მეორდებოდეს უნივერსიტეტებში, სადაც ახალი თაობა ყალიბდება.
აუცილებელია აგრეთვე გარე რეფერირებისა და რეცენზირების სისტემის ამუშავება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც, როგორც ეს ჩემთან მიმართებაში ხდება, უნივერსიტეტს შესაბამისი დარგის საკმარისად კვალიფიციური კადრები არა ყავს. ეს განსაკუთრებით ეხება უნივერსიტეტისთვის ისეთ შედარებით ახალ დისციპლინას, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერება, თუმცა იგივე მიდგომა, ალბათ ნებისმიერი სხვა სფეროს განახლებასაც სჭირდება. უკვე განვლილ კონკურსთან მიმართებაში მივმართავ უნივერსიტეტს მოთხოვნით, განასაჯაროონ კონკურსანტების გასაუბრების ვიდეოჩანაწერები და სხვა დოკუმენტაცია, რათა დაინტერესებულ დამოუკიდებელ სპეციალისტებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მიეცეთ.
ვგრძნობ რა ვალდებულებას დავიცვა არა მართო საკუთარი ინტერესები, არამედ გამოვხატო იმ მეცნიერთა აზრიც, ვინც ამ სისტემის შეუვალობას ეწირება, მოვუწოდებ მათ, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა ცვლილებების დასაჩქარებლად.
ბატონო ვლადიმერ, როგორც თქვენმა კონკურენტმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში, მე გულწრფელად მოგილოცეთ გამარჯვება და კვლავაც ვადასტურებ ჩემს პატივისცემას და რწმენას, რომ თქვენ ყველაფერს იღონებთ უნივერსიტეტის განვითარებისთვის. მე ვიცი რომ თქვენ ეცადეთ რომ ეს კონკურსი სამართლიანად წარმართულიყო. მაგრამ ასევე მგონია, რომ მარტო თქვენი ძალებით, ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების დახმარების გარეშე, ვერ მოახერხებთ ვითარების ძირეულ შეცვლას. მოგიწოდებთ უფრო აქტიურად და გახსნილად გაატაროთ ის რეფორმები, რომლებიც უნივერსიტეტში შექმნიან აკადემიური დაწესებულებისთვის შესაფერის კლიმატს და გახსნიან შემდგომი წინსვლის შესაძლებლობას.
იმედს გამოვთქვამ, რომ ეს წერილი ხელს შეუწყობს ახალი კონსტრუქციული პროცესის დაწყებას.