“გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას უფრო დიდი პროცენტით ველოდი, მაგრამ უფრო დაბალი მაჩვენებელი დადგა იმიტომ, რომ არ იყო წინასაარჩევნი კამპანია ესკალუციის რეჟიმში, რამაც ტემპი დააგდო. მმართველ ძალას ჰქონდა ყველა რესურსი გაეკეთებინა დიდი პიარ-კამპანია და ყველა ოპონენტის რეალური სახე ეჩვენებინა, რეკლამირებით კიდევ უფრო მეტი შედეგი მიეღო, მაგრამ არ წინასაარჩევნი კამპანია იყო ძალიან სადა და არ დაიხარჯა დიდი თანხები, რაც მისასალმებელია და ვეთანხმები, რომ ასე უნდა ყოფილიყო. გარკვეული ამომრჩეველი, რომელსაც აქვს კითხვები, არ წავიდა არჩევნებზე და სწორედ ამან განაპირობა ასეთი პროცენტული მაჩვენებელი როგორც მარგველაშვილის შემთხვევაში, ასევე ბაქრაძის შემთხვევაში. ჩემი მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი 10-12%-ია. ასე რომ ამ მოძრაობის მთავარ ოპოზიციურ ძალად ფორმირება გადაჭარბებულია. შეიძლება ძალიან ბევრი ცუდი ქმედება კიდევ გამოჩნდეს ამ მოძრაობის და ნელ-ნელა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს პოლიტიკურ ველს. პიროვნულად არავის ვეხები, მოძრაობას კი მომავალი არ აქვს. სააკაშვილი ამ პერიოდის მანძილზე ფაქტიურად აშენებდა საბჭოთა კავშირს, უნდოდა შეექმნა აბსოლუტურად აბსურდული სახელმწიფო. დღეს უკვე ქართველი იბრუნებს ჭეშმარიტ ქართველობას. დღეს იწყება ქვეყნის ისტორიული ქსოვილის აღდგენა და უნდა ვიყუროთ წინ.”
ხუხაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო პოლიტიკიდან მისი წასვლის თემასაც და აღნიშნა:
“არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკოსი და არც ახლა ვთვლი თავს პოლიტიკოსად, თუმცა მომიწია ამ სფეროში შესვლა, მაგრამ ვიყავი მრჩეველი საზოგადოებრივ საწყისებზე, არ ვყოფილვარ ხელფასიანი საჯარო მოხელე. გახსოვთ, ალბათ, 2 ოქტომბერს გამოვაცხადე, რომ მივდივარ პოლიტიკიდან, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა. დღეს უკვე ყველაფერი ლაგდება, დასრულდა “ქარიშხალი ჭიქაში”, დაიწია პოლიტიკურმა ტემპერატურამ და შემიძლია დავუბრუნდე ჩემს ცხოვრებას. ამ ეტაპზე ჩემი დღევანდელი სტატუსი არ მაძლევს საშუალებას ვთქვა ყველაფერი ბოლომდე, მაგრამ როცა დრო და საშუალება იქნება, მე გავაკეთებ განცხადებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.”