“როდესაც ლაპარაკობენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ამნისტიამ გაუშვაო, ბოდიშს ვიხდი, ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას და ახლაც რომ დავურეკო, წინააღმდეგი იქნება და მისი მიღებული არ არის. ეს არის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებული ამნისტია, რომელზეც ჩვენ ცალკე, ძალიან ბევრს ველაპარაკეთ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. გიგა ბოკერია ამ თემაზე კვირაობით ელაპარაკებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, დავით ბაქრაძე – დავით უსუფაშვილს, მე ველაპარაკე ამ თემაზე ივანიშვილს და არ თქვან, რომ არ იცოდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ. საგანგებოდ ველაპარაკებოდით, არ გაუშვათ შკლინიკოვი და ძმანი მისნი, არ გაუშვათ გარეთ ჩახალიანი”, _ ეს სიტყვებიც (2013 წლის 28 იანვარი) მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
ამ სიტყვებიდან ზუსტად 7 თვის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური შეწყალება – 2013 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა, რა დროსაც 18.000 ათასამდე მოქალაქეს პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოეხსნათ.
მისი ინიციატივის მიხედვით, შეწყალება შეეხო ისეთ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, როგორიცაა: გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, ყაჩაღობა, ნარკოტიკული დანაშაულები და სხვა.
ჰკითხა თუ არა მან რჩევა ამ შეწყალებების შესახებ ბებიამის მზია წერეთელს, რომელიც სულაც არ იყო ამნისტიის მომხრე, ჩვენთვის უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია რა საქმეებზე იყვნენ გასამართლებულები აღნიშნული პირები.
საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, წინა წლებში, როდესაც სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა ყველა დამნაშავის მიმართ, მის მიერ შეწყალებულთა სიაში ისეთი მძიმე ავადმყოფი პატიმრებიც კი ვერ ხვდებოდნენ, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებაზე ყოფნა.
ხშირად, მათ სტრასბურგის მიერ გამოტანილი განაჩენებიც კი ვეღარ შველოდათ…
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოლო შეწყალებულებს…
ცოტნე მამულაშვილის საქმე
ცოტნე მამულაშვილი მწერალ იზა ორჯონიკიძის შვილიშვილი და ოპოზიციის მხარდამჭერის მაია ორჯონიკიძის შვილია. ის ნატოს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი იყო.
საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 21 იანვარს, თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის N8 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – ინეზა გელაშვილის ავტოლომბარდის ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი: 2013 წლის იანვრის თვეში, მამუკა ბაყაშვილმა დაგეგმა ქ.თბილისში, გურამიშვილის გამზ.N84-ში მდებარე ავტოლომბარდზე ყაჩაღური თავდასხმა, რაც განაპირობა ამ უკნასკნელის ფინანსურმა პრობლემებმა, კერძოდ მას ჰქონდა ლაშა ჯამბაზიშვილისა და ჯაბა ლომიძის ვალი, რის გადახდასაც ვერ ახერხებდა. დამნაშავეებს საქმეში ესაჭიროებოდათ კიდევ ერთი პირი, რის გამოც ლაშა ჯამბაზიშვილი და ჯაბა ლომიძე თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ საერთო ნაცნობს – ცოტნე მამულაშვილს, რომელსაც გააცნეს ავტოლომბარდის დაყაჩაღების კონკრეტული გეგმა და შესთავაზეს მასში თანამონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა.
გამოძიების თანახმად, დასახული გეგმა სისრულეში მოყვანილ იქნა 2013 წლის 21 იანვარს. საქმის მასალების მიხედვით, ცოტნე მამულაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი ყაჩაღური თავდასხმის მიზნით შევიდნენ ავტოლომბარდში, სადაც იმყოფებოდა მხოლოდ ინეზა გელაშვილი. ცოტნე მამულაშვილმა იარაღის გამოყენებით, ინეზა გელაშვილისაგან მოითხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ამ უკანასკნელმა ნებაყოფლობით გადასცა მათ ლომბარდში არსებული ფულადი თანხა 600 აშშ დოლარის ოდენობის, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.
2013 წლის 14 თებერვალს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის N8 განყოფილების თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მამუკა ბაყაშვილი, ლაშა ჯამბაზიშვილი, ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ინეზა გელაშვილი, რომელმაც დაადასტურა მასზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტი და როგორც გამოძიების მსვლელობის, ასევე სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, ამოიცნო თავდამსხმელები – ცოტნე მამულაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა შემთხვევის ადგილიდან და ბარლდებულებულ ცოტნე მამულაშვილისა და ლაშა ჯამბაზიშვილისგან აღებული სუნის ნიმუშების იდენტურობა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა ბრალდებულების კუთვნილი ტელეფონის ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა ანძების მითითებით, რის ირგვლივაც მოწმის სახით დაიკითხნენ სპეციალისტები, რითაც დადასტურდა, რომ ყაჩაღობის ჩადენის დროს, მსჯავრდებულები – ლაშა ჯამბაზიშვილი, ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე იმყოფებოდნენ ავტოლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამასთანავე დადასტურდა ოთხივე მსჯავრდებულს შორის არსებული ხშირი სატელეფონო კავშირი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაიკითხნენ ბრალდებულები – მამუკა ბაყაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი, რომელთაც აღიარეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და ამასთანავე ამხილეს ყაჩაღობაში თანამონაწილე პირები – ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე.
ცოტნე მამულაშვილმა და ჯაბა ლომიძემ თავის არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, 2013 წლის 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდებული ცოტნე მამულაშვილი ცნობილ იქნა რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 06 (ექვსი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.
მან სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.
მაიზერ ლიპარტელიანის საქმე
პრეზიდენტის მიერ შეწყალებით გამოშვებულ კიდევ ერთ პირს, მაიზერ ლიპარტელიანს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზება და სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა.
საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 26 ნოემბერსა და 14 დეკემბერს, მ. ლიპარტელიანი მოწმის სახით დაიკითხა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის სს საქმეზე და განაცხადა, რომ ავტომატური ან სხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მას მკვლელობის ადგილზე არ შეუნიშნავს. თუმცა, 2013 წლის 21-22 და 25 თებერვალს, მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებში, ასევე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატრულის თანამშრომლების ხელში დაინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი, რაც მათივე განმარტებით, აწ გარდაცვლილი ა. რობაქიძის მეგობრებს აღმოაჩნდათ დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში.
მასვე, ბრალად ედებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშეს ნ. ჯანჯღავას ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებისა და დაკავების შესახებ ყალბი დოკუმენტების შედგენის ორგანიზება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად მაიზერ ლიპარტელიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განზრახ უკანონო დაკავების და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზების ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა. ხოლო, სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებასთან მიმართებაში, საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადგინდა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის პირადი მოტივი და საბოლოოდ, პირის მსჯავრდება მოხდა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლისათვის, რაც გამოიხატა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში.
მაიზერ ლიპარტელიანს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა.
ის შეწყალებული იქნა მიხეილ სააკაშვილის მიერ.
დავით ადეიშვილის საქმე
თელავის რაიონულმა სასამართლომ, კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, დავით ადეიშვილს 2 წლით და 22 დღით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, მას ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 5000 ლარის ოდენობით და აეკრძალა თანამდებობაზე მუშაობა ცხრა თვის განმავლობაში.
ბრალდებულს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმე ეხება თელავის ბაზრის წილების დათმობის საკითხს, რა დროსაც დავით ადეიშვილმა ბაზრის მესაკუთრეებს წილის გადაფორმება მის ნდობით აღჭურვილ პირზე, ვინმე ჯებრაილ ხანგოშვილის სახელზე აიძულებდა.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ თავდაპირველად მისი დაცვის ქვეშ მყოფს 2 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ვინაიდან ბრალდების ნაწილი ამნისტირებული იყო, მისი სასჯელი ¼-ით შემცირდა.
დავით ადეიშვილი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმაა, იგი ამ დროისთვის მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ძებნაში მყოფი ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
“იცით რა, შეწყალებულთა სიას ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ვერ გავასაჯაროვებთ” _ ასე გაგვიცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ რატომ არ არის ეს საჯარო ინფორმაცია? ასეთი პასუხი მივიღეთ:
_ არა იცით სხვა დროს არასოდეს გაგვისაჯაროვებია და ვერც ახლა გავასაჯაროვებთ…
სავარაუდოდ, შეწყალების ამ გასაიდუმლოებულ სიაში კიდევ ბევრი საინტერესო პერსონის სახელი და გვარი იმალება…