ჯიმ მერდოკი შეხვდა და ესაუბრა ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგნელებს, ასევე, მოსამართლეებს, რომელთა პოზიციამ მკვლევარს მისივე თქმით, იმედი გაუცრუა.
მერდოკის განცხადებით, მოსამართლე მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაუსჯელობასთან ბრძოლაში – ის ხელში იღებს ინიციატივას გამოიძიოს შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ფაქტი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაბამისი პირის მიერ საჩივარი არ არის წარმოდგენილი, მაგრამ არსებობს მინიშნება მასზე განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ.
“ჩვენ გვსურდა შეგვეფასებინა, თუ რა დონეზე იზიარებდნენ საქართველოში პირველი ინსტანციის მოსამართლეები მათ პასუხისმგებლობას, რომ დაეწყოთ გამოძიება ასეთ გარემოებებში. ჩვენ გარკვეულწილად გაკვირვებულები დავრჩით, რადგან ისინი არ თვლიან, რომ რაიმე როლი გააჩნიათ ხსენებულთან მიმართებაში. აშკარაა, რომ სასამართლოები წააწყდნენ მრავალ პრობლემას გასული წლების განმავლობაში,” _ წერს მერდოკი კვლევაში “არასათანადო მოპყრობასა და დაუსჯელობასთან ბრძოლა”.
მერდოკის შეფასებით ქართველ მოსამართლეებს არასწორდ ესმით “ნეიტრალურობის” მნიშვნელობა, რაც რეალურად მათში პასუხისმგებლობის დეფიციტზე მიუთითებს.
“მოგვეჩვენა, რომ მოსამართლეები ვეღარ ხედავენ თავიან როლს არსათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიებაში. პასუხისმგებლობის არქონასთან დაკავშირებული მოსაზრება როგორც ჩანს მოტივირებულია მოსამართლეების, როგორც სისხლის სამართლის პროცესში “დამოუკიდებელი არბიტრის” არსის ფუნდამენტური გუგებრობით.”
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც ათეულობით ათასმა ადამიანმა არასათანადოდ გამოძიებული და განხილული საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა, მოსამრთლეების პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეებს პირდაპირ უთხრა, რომ 9 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზიანი ქვეყანას სწორედ მათ მიაყენეს და არა პოლიციამ ან პროკურატურამ. მოსამართლეები თავს უუფლებო საპროცესო კოდექსით იმართლებენ, რომელმაც მათ მხოლოდ მდუმარე არბიტრის როლი დაუტოვა. მოსამართლეებმა იგივე არგუმენტები წარუდგინეს გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესოს ჯიმ მერდოკს:
“მოსამართლეებმა მრავალჯერ გაგვიმეორეს, რომ ამჟამად მათ არ გააჩნიათ უფლება მითითება მისცენ პროკურორს ან გამოიკვლიონ, დაექვემდებარა თუ არა ბრალდებული არასათანდო მოპყრობას. მოსამართლეები უთითებენ აწ უკვე გაუქმებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე, რომელიც მათ უფლებას აძლევდა საქმე ხელახლა გამოძიებისთვის პროკურატურაში დაებრუნებინა.
ამგვარად, მოსამართლეები თვლიან, რომ კანონმდებლობაში შეტანილმა ამ ცვლილებამ შეამცირა მათი ჩარევის შესაძლებლობა. ერთ-ერთმა პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიუთითა ცოტა ხნის წინ განხილულ საქმეზე, რომელშიც ბრალდებულმა საპოლიციო პატიმრობის დროს მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობა გაასაჩივრა. მოსამართლემ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა უფლება ხსენებული საჩივარი სასამართლო ოქმში დაეფიქსირებინა. პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ერთმა მოსამართლემ ისიც კი განაცხადა, რომ სასამართლოს შეუძლია მიიღოს მხოლოდ გამოძიების მხარის მიერ გადამოწმებული ფაქტები.
მოგვიანებით, პროკურორებმა გვაცნობეს, რომ მოსამართლეს კოდექსისის 356-ე მუხლი უფლებას აძლევს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გასცეს ბრძანება პირის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე შემოწმების შესახებ, მაგრამ მოსამართლეებმა, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, როგორც ჩანს არ იცოდნენ ხსენებული დებულება,” _ წერს მერდოკი კვლევის ანგარიშში.
ბრიტანელი მკვლევარი გაოცებული დარჩა ქართველი მოსამართლეების პოზიციით, როდესაც ისინი წამებასა და არასათანადაო მოპყრობაზე საუბრობდნენ:
“პირველი ინსტანციის მოსამართლეებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი სკეპტიკური მიდგომა: “ხილვადი დაზიანებები ასევე ჩნდება, როდესაც ადგილი აქვს ჩხუბს, ან დაზიანება შეიძლება პატიმარმა თავად მიიყენოს”. ერთ-ერთი მოსამართლისთვის კი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები წარმოადგენდა “მხოლოდ იარაღს, რომლითაც ბრალდებულს სამართლადამცავ ორგანოებზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო” და ამგვარად მოსამართლეს არ უნდა დაეჯერებინა “იმისათვის, თუ რას ამბობდა ბრალდებული”. არც ერთ მის კოლეგას არ გამოუთქვამს პრეტენზია მოსამართლის ხსენებულ კომენტარზე”.
ჯიმ მერდოკი ასევე შეხვდა და ესაუბრა სისხლის სამართალში მომუშავე ადვოკატებს, რომლებმაც მას უამბეს არაერთი ისტორია, როდესაც მოსამართლე არ რეაგირებდა ისეთი ბრალდებულების დანახვაზეც კი, რომლებსაც ცემის და წამების კვალი ვიზუალურადაც ეტყობოდათ.
“ბევრმა ადვოკატმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მართლმსაჯულების არამხოლოდ მიუკერძოებლობა, არამედ დამოუკიდებლობაც. ჩვენთვის რთული არ ყოფილა გაგვეზარებინა ხსენებული მოსაზრებები, რადგან მოსამართლეებთან საუბარმა აშკარად იმედი გაგვიცრუა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მოსამართლე ვალდებულიც რომ ყოფილიყო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ფაქტები გამოეძიებინა, პრაქტიკული შედეგი ამას მაინც არ მოყვებოდა იქამდე, სანამ საქმის განმხილველი მოსამართლეები არ გადააფასებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას დაუსჯელობასთან ბრძოლის კუთხით.”
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე სწორედ მოსამართლეების გულგრილობაზე მიუთითებდა, როდესაც “გურია ნიუსთან” ამბობდა: “არაპროფესიული და არაეთიკური დამოკიდებულებაა, რომ თითქოს საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას. თუ ეს მართლაც ასე იყო, სწორედ მოსამართლეები უნდა ყოფილიყვნენ პირველნი, რომლებიც ამას ხმამაღლა დააფიქსირებდნენ. მე მათ არგუმენტებში ვხედავ თვითაღიარებას, რომ უკანონობას აკანონებდნენ. მოსამართლეებმა თავიანთ დუმილით დანაშაული ჩაიდინეს, დუმილით შეუერთდნენ იმ უსასტიკეს პროცესებს, რაც მართლმსაჯულების განხორციელების დროს განვიითარდა”.
“ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო, რატომ აირჩიეს მოსამართლეებმა ხსენებული მიდგომა. რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ასეთი პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია,” _ წერს ბრიტანელი პროფესორი.