“გურია ნიუსი“ კონკურსის მონაწილეებს დაუკავშირდა.
ქეთინო მოსახლიშვილი:
_ თქვენ თვითონვე შეაფასეთ, როგორი სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება. არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, რა აზრი აქვს?!
ნათელა თოხაძე:
_ უბრალოდ, მე ვთვლი, რომ ეს დანიშვნა არ იყო სწორი გადაწყეტილება. თუ ლელა იმედაშვილი ინიშნებოდა, მაშინ პირველ ეტაპზე რატომ არ გამოვლინდა გამარჯვებული? მეორე ეტაპზე რა მოხდა ასეთი?
_ ქალბატონო ნათელა, როგორ აპირებთ თქვენს ყოფილ კონკურენტთან მუშაობას?
_ ჩვენ ვართ საჯარო მოხელეები, სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობთ და ყველა შევასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას. პიროვნული დამოკიდებულებები ასე იქნება თუ ისე, ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას ვერაფერზე. წარმატებებს ვუსურვებ.
ირინა ინარიძე:
_ ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემებზე კომენტარის გაკეთებას, მით უმეტეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ის საკადრო პოლიტიკაში არ ერევა.
_ ბატონო ზვიად, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსად ლელა იმედაშვილი დაინიშნა. როგორც ამბობენ, ის თქვენი ფავორიტი იყო და სწორედ თქვენ გაუწიეთ მას რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
_ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
_ ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ თქვენ განათლების და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის მეგობარი ხართ და ასევე ერთად მუშაობდით. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით?
_ კი, ბატონო, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ლელა იმედაშვილის დანიშვნასთან.
_ ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი ტურის დროს, როდესაც განათლების და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი იყო, თქვენ სცადეთ და ლელა იმედაშვილს რეკომენდაცია გაუწიეთ, მაგრამ მისგან უარი მიიღეთ.
_ მორჩით, რა. ვინ ავრცელებს ასეთ სისულელეს. მე ეს ინფორმაცია არავისგან არ გამიგია. ყველაფერი დამბრალდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს რაც თქვენ ახლა მითხარით, პირველად გავიგე. ეკუთვნოდა, ალბათ და დანიშნეს. არ არის ეს ჩემი პრეროგატივა. თავიდანვე ვთქვი, რომ საკადრო პოლიტიკაში არ ჩავერევი. ანგაჟირებულია, ალბათ, რამდენიმე ადამიანი ამ საკითხით და ყველაფერს ამბობენ. სოციალურ ქსელში კიდევ ათასი სისულელე დაიწერა და მოვრჩეთ ამ საკითხზე საუბარს.
და ბოლოს, თავის კონკურეტებზე ლელა იმედაშვილმა “გურია ნიუსთან” ვრცელ ინტერვიუში განაცხადა:
_ უფრო თუ დავაზუსტებთ, გავიარე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი რამდენიმე ეტაპად. გავიარე არა მარტო მე, ჩემთან ერთად იმ ადამიანებმა, რომლებთან ჩემი ურთიერთობა წლებს ითვლის. ქალბატონი ნათელა თოხაძე და მე, თუ არ ვცდები, უკვე ათწლეულია ერთმანეთთან წარმატებით ვთანამშრომლობთ და ის ჩემს ცნობიერებაში ასოცირდება გონიერ, ნოვატორ ხელმძღვანელთან. არასდროს დამავიწყდება (ვფიქრობ, არც მას) ჩემი პირველი ემოცია მისი სამსახურიდან გათავისუფლების გამო _ მე მაშინ უკვე ჩოხატაურში გახლდით.
ქალბატონი ქეთევან მოსახლიშვილი დედაჩემის განსაკუთრებული მეგობარი და წლების განმავლობაში ჩემი პირველი შვილის კლასის ხელმძღვანელი გახლდათ. მარინა ვარშალომიძის მიმართ მიმართვას ქალბატონოთი აღარ დავიწყებ და ეს ალბათ უკვე არის იმის ნიშანი, რა ურთიერთობებიც არის ჩემსა და ამ საოცრად ენერგიულ ადამიანს შორის.
ავთო კეჭაყმაძესთან ჩემი ურთიერთობები იმდენივე წლისაა, რამდენიც სკოლის დირექტორების პირველი კონკურსი, რომლის დროსაც ამ უდაოდ ნიჭიერმა კაცმა გამოცდების წარმატებით ჩაბარებითა და სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერით, მერიის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტი დაიჭირა.
პროფესიით ფინანსისტ-ეკონომისტი, ირინა ინარიძეც საგანმანათლებლო სფეროს მაშინ დაუახლოვდა, როცა მე ამ დარგს ვხელმძღვანელობდი და ჩვენი თანამშრომლობაც დაიწყო. ის ძალიან გონიერი ქალია და დარწმუნებული ვარ, იპოვის კიდეც თავის საქმეს. ოზურგეთი კი არა, მსოფლიო დაპატარავდა ლამის. როგორც ხედავთ, ყველა კონკურსანტთან მაკავშირებს წლები, საქმე, ურთიერთობები და როგორ ფიქრობთ, ამის გამო ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია, საჯარო კონკურსში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღოთ მათ ან მე? თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველას სასტარტო, თანაბარი პირობები გვქონდა. ჩვენ ყველამ, კონკურსანტებს ვგულისხმობ, ეს ხანგრძლივი საკონკურსო ეტაპები და პერიოდი ძალიან მშვიდად, კორექტულად და ღირსეულად გავიარეთ – ეს არის მთავარი! მე ყოველთვის ადამიანური ფასეულობების დაცვის მომხრე ვარ!” _ უთხრა იმედაშვილმა “გურია ნიუსს”.