განპირობებულია ბუნებრივი რესურსებისადმი იმ არაადამიანური მოპყრობით, როგორიც მთელ საქართველოში ხორციელდება და მათ შორის, გურიაშიც. 11 222 ჰექტარი ე. წ. საკოლმეურნეობათაშორისო ტყიდან დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ასეული ჰექტარი. განუკითხავი ჭრის შედეგად, ტყის ფართობები შემორჩენილია მხოლოდ მაღალმთიან ადგილებში. მოსახლეობამ, შეშის და მასალის მოპოვების საბაბით, ჭრა დაიწყო რაიონში გაშენებულ ქარსაფარ ზოლშიც.
2013 წლის ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ განადგურებულია ქარსაფარი ზოლების ფართობის 58,72 პროცენტი, ანუ დარჩენილია 295, 48 ჰექტარი _ 422 577 ძირი ხე.
მუნიციპალიტეტში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა ზიანი მიაყენა მრავალსართულიან სახლებს და სხვადასხვა ბინებს. მთავრობის მიერ, 2013 წლის მარტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 450 000 ლარი იყო გამოყოფილი სხვადასხვა სამშენებლო მასალების, დასახური და შესაბამისი ხეობის შესაძენად.
პრობლემების მოგვარების მიზნით, გამგეობამ გადაწყვიტა, დაზიანებული სახლების სამშენებლო მასალით უზრუნველსაყოფად, დაეწყო იმ ქარსაფარი ზოლების ჭრა, რაც ხორციელდება საკანონმდებლო ბაზის მოუმზადებლად. ეს გულისხმობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ჭრების შესახებ ხორციელდება ისე, რომ არ არის განსაზღვრული მოსაჭრელი ხეების მოცულობა, რაოდენობა. ქარსაფარი ზოლის, როგორც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ტყის ფონდის ჭრისას, აუცილებელია ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის ჩარიცხვა ერთიან სახაზინო ფონდში, ყოველივე ეს უნდა გახორციელდეს საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის მიღებით და ბიუჯეტში სათანადო ცვლილებების საფუძველზე.
რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაიწყო ქარსაფარი ზოლების ჭრა, რაც დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ გააპროტესტა. იმ დღეს ხეების ჭრების პროცესი ხმაურიანად მიმდინარეობდა _ ნასაკირალის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვდნენ, შეწყვეტილიყო ხეების ჭრა.
ჩვენ გვაქვს მოსაჭრელი ხეების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის ჩამონათვალი _ ასკანა _48, ვაკიჯვარი _ 27, ჯუმათი _ 86, დაბა ლაითური _ 62, დაბა ნასაკირალი, 1 რაიონი, _ 107, ძიმითი _ 8, მერია _ 7, სოფელი ოზურგეთი _ 72, დაბა ნასაკირალი, 5 რაიონი _ 72, ბოხვაური _ 48, ოზურგეთი _ 36, დაბა ნარუჯა _ 79, სულ 1009 ძირი.
“გურია ნიუსმა” მოიპოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის აპრილში გამოცემული ნორმატიული აქტი, რის საფუძველზეც მიმდინარეობს აღნიშნული ჭრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში:
“2013 წლის 26 აპრილი #42 განკარგულება
დაკმაყოფილდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის და სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის, სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული და ამორტიზირებული მწვანე ნარგავების უსასყიდლოდ გასხვისებისთვის, მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეცეს თანხმობა.
2. დაევალოს გამგეობას მოამზადოს და გააფორმოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების გასხვისებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია.
გურამ ბერძენიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში გახორციელებული ჭრები არის უკანონო.
_ ამ დოკუმენტით არ ჩანს, რა რაოდენობის რესურსზეა ლაპარაკი, ვინ უნდა ჩაატაროს ჭრები. რა რაოდენობის თანხაა გადასარიცხი ერთიან სახელმწიფო ხაზინაში, მოჭრილი ქარსაფარი ზოლიდან როგორ დაურიგდება მასალა მშენებლობისთვის მოსახლეობას უსასყიდლოდ და ამ დარიგებისთვის რა თანხებია განსაზღვრული ბიუჯეტიდან. არც ის ჩანს, რას აპირებენ მუნიციპალიტეტში მოჭრილი და განადგურებული ხეების სანაცვლოდ აღდგენილი სამუშაოების ჩატარებისთვის ან რა ფორმით შეიძლება ჩამოწერილი იქნას. ამ ხეებს ფუნქცია დაკარგული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი სივრცე იქნება დაუცველი და გახშირდება სტიქიის მოვლენების, რადგან ქარსაფარი ზოლი ეს არის საშუალება, რომელიც ხელს უწყობს მიკროკლიმატის შენარჩუნებას, _ ამბობს გურამ ბერძენიშვილი.
შოთა ართმელაძე, დაბა ნასაკირალის რწმუნებული: _ დაბა ნასაკირალში ამორტიზირებული ნაძვების მოჭრა სრული კანონის დაცვით ხორცილედება. არის სათანადო დასკვნები, ყველა დოკუმენტაცია გვაქვს. ხის მასალა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის და სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების სახურავების შეკეთებას მოხმარდება. ეს ხეები ახლა რომ არ მოვჭრათ, ალბათ, მომავალში საშეშედაც არ გამოდგება. ვფიქრობთ, რომ აქ დავიწყებთ ახალი ნაძვების დარგვას, განაშენიანებას. დამწვარ და ამორტიზირებულ ნაძვს რა სარგებლობა აქვს?
კოტე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი: _ ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რაიმე უკანონო ქმედება ჩავიდინოთ. ჩვენ ვასრულებთ სახელმწიფო დავალებებს. ეს არის იურიდიულად გამართული ღონისძიება და ხორციელდება შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. ჭრა მიმდინარეობს ორ ეტაპად: ყველა ხე, რომელიც მოიჭრა, იყო ამორტიზებული და ყველა ის ხე, რომელიც იჭრება, არის ხანძრისგან დაზიანებული _ სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ აქვს. მასალა უნდა მოვიხმაროთ საშეშედ და სოციალურად დაუცველებისთვის.
_ თქვენ ხელმძღვანელობთ 2013 წლის აპრილში გამოცემული ნორმატიული აქტით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის გურამ ბერძენიშვილის განცხადებით, ხეების ჭრა არ არის გამართლებული და მიმდინარეობს უკანონოდ.
_ ბერძენიშვილი რას აცხადებს, არ ვიცი _ ის არის დაინტერესებული მხარე. თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ სამართალდამცავებს. ქარსაფარი ზოლი არ დაზიანდება, თუ ხე ამორტიზებულია? დავტოვოთ და დავალპოთ? ამ ზოლში იჭრება ხეები, რომელიც სამი წლის წინ დაიწვა.