დღეს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება კონსტიტუციურ-სამართლებრივ ფარგლებში უნდა მოექცეს.
“შეწყალების ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებულ პრივილეგიას. ამრიგად, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური სარგებლობს კონსტიტუციური პრივილეგიით – მსჯავრდებულთა შეწყალების განსაკუთრებული უფლებით. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული პრივილეგია გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 73–ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტით, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელი კონსტიტუციური ნორმის ნაწილს.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციის 73–ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება – მსჯავრდებულთა შეწყალების პრივილეგია, ისევე, როგორც მისი სხვა უფლებამოსილებები, განხილული უნდა იქნეს, მათ შორის, კონსტიტუციის 69–ე მუხლის ფარგლებშიც, განსაკუთრებით კი ქვეყნის ერთიანობის, მთლიანობის და სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული კომპეტენცია, ასევე შესაბამისობაში იყოს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის ძირითად სულისკვეთებასთან, განსაკუთრებით, სამართლებრივი სახელმწიფოს და ზოგადად სამართლის უზენაესობის კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპებთან.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ “შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე” დებულებით, საქართველოს პრეზიდენტისადმი მინიჭებული ასეთი ფართო პრივილეგია, შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოდიოდეს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციის პოლიტიკურ–სამართლებრივ ბუნებასთან განსაკუთრებით კი, მის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციასთან – უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა (ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების ორგანოთა) საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა. ამიტომ, აუცილებელია, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც სამართლებრივ რაზიონალიზმზე დაფუძნებულ პრივილეგიას”, _ ესაა მცირე ამონარიდი განცხადებიდან, რომელიც დღეს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.
პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის უფლებმოსილებას შეწყალებასთან დაკავშირებით რეგულაცი სჭირდება.
შეწყალების ინსტიტუტს რეფორმირებას ემხრობა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
“საერთოდ შეწყალების ინსტიტუტი, ისევე როგორც საპატიმროებში სასჯელის მოხდის მიმდინარეობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას. მე არ ვარ იმ აზრის რომ პატიმრები კატეგორიებად უნდა დაიყონ და ზოგიერთის შეწყალება უნდა შეეძლოს პრეზიდენტს და ზოგიერთის არა – პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს და ამაში არაა პრობლემა. პრობლემა, ჩემი აზრით, თავად პროცედურაშია – პროცედურა უნდა დაიხვეწოს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხვდება პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად ესა თუ ის შეწყალების აქტი. სწორედ პროცედურა უნდა გადაიხედოს და ის გამჭირვალე იყოს საზოგადოებისთვის”, _ განაცხადა წულუკიანმა.
ომბუდსმენის, არასამთავრობოების ნაწილისა და იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას, საპარლამენტო უმრავლესობაშიც იზიარებენ. თუმცა, განსხვავებული ხედვა აქვთ უმცირესობაში.
“თუ ეს პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალებას უკავშირდება და ამის გამო უნდა მოხდეს რეორგანიზაცია, არასწორია, მაგრამ თუ ზოგადად ახალი მთავრობა შეიმუშავებს სასიკეთო ცვლილებებს საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, თუ რაიმე ახალს და კარგს დანერგავს, ჩვენ მივესალმებით ამ ქმედებას. შეეზღუდება თუ არა პრეზიდენტს შეწყალების უფლება ეს დისკუსიის თემა უნდა იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ჰუმანური ფუნქციაა”, _ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.
პრეზიდენტისთვის შეწყალებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შეზღუდვას დადებითად აფასებს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე და “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ თემით დიდი ხნის წინ უნდა დაინტერესებულიყვნენ.
“ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდე მას შემდეგ, რაც ურემი ბრუნდება. ესეთი განცადების გაკეთების საფუძველი დიდი ხანია არსებობს. შეწყალების გამოყენების დებულება პრეზიდენტს განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს – შეიწყალოს მსჯავრდებული პირი სასჯელის დინების ნებისმიერ მომენტში. მას შემდეგ, რაც აღნიშული აქტის მოქმედება გამოყენებული იქნა პრეზიდენტის მიერ დაუსწრებლად მსჯავრდებული პირების მიმართ, მხედველობაში მაქვს ჯიმშეიშვილი და ადეიშვილი. ასეთი აქტის მარათლზომიერება მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. მუხედავად შეწყალების გამოყენების დებულების მე-8 თავით გათვალსიწინებული ულფებისა, სააკაშვილს არ ჰქონდა უფლება შეეწყალებინა დაუსწრებლად მსჯავრდებული პირები, ვინაიდან 2004 წელს გამოცემული ბრძანებულება შეწყალების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ, ამგვარი კატეგორიის მიმართ შეწყალების გამოყენებას არ ითვალისწინებდა, ვინაიდან მხოლოდ 2006 წელს შესული ცვლილებების შედეგად გახდა შესაძლებელი იმ პირის გასამართლება, რომელიც დასუწრებლად ბრალდებული იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ხოლო შეწყალების დებულება პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული იქნა 2004 წელს და მასში ცვლილება და დამატება2005 წელს შევიდა.
ბუნებრივია ის რაც ვერ იქნებოდა 2004 2005 წლებში გამოყენებადი 2006 წელს შესული ცვლილებების შედეგად ვერ უნდა გამოყენებულიყო”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, პროცედურულად პრეზიდენტის მიერ ამა თუ იმ პირის შეწყალება, როგორ ჩვენთან საუბარში უფლებადამცველი განმარტავს, შემდეგნაირად ხდება:
“საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ო ქვეპუნქტის თანახმად მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილი შეიწყალოს მსჯავრდებული პირი. მსჯავრდებული პირის შეწყალების დელეგირებას პრეზიდენტი ახდებს შეწყალების კომისიისადმი მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ესაა კომისია, რომელიც უფლებამოსილია შეისწავლოს ყველა ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის სახელზე მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის მხრიდან შემოდის. კომისია ასეთ განცხადებებს პერიოდულად განიხილავს და დადგენული რპაქტიკით აე პერიოდები დიდ რელიგიურ დღესასწაულებეს მოიცავს. თუმცა, შეწყალების კომისიის მუშაობას ხშირ შემთხვევაში ფასადური მხარე აქვს. ანუ, შეწყალების კომისიის მუშაობის დაწყებას ეფექტურად იყენებდა პროკურატურა, რომელიც შესაწყალებელი პირების რეალურ სიას ადგენდა და ეს სია შეწყალების კომისიის გვერდის ავლით პრეზიდენტს წარედგინებოდა. მაგრამ, მედიისთვის ცხადდებოდა, რომ შეწყალების კომისიამ იმუშავა”, _ განმარტავს ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, ეს სქემა ელიტურ კორუფციას ემსახურებოდა, რადგან ხშირად არჩევნებისთვის ხმების მოსაპოვებლად იყენებდნენ.
“ეს იყო ელიტური კორუფციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთი სიების მომზადებაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობები, რომელებიც გარკვეული ხმების სანაცვლოდ პროკურატურას უგზავნიდნენ ამგვარ სიებს”, _ უთხრა “გურია ნიუსს” უფლებადამცველმა.
რაც შეეხება შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეს, მას ამ შემთხვევაში გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნია და ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ შეწყალება – ეს პრეზიდენტის მისივე დებულებით განსაზღვრული უფლებაა.