საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტის ინაუგურაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე ინაუგურაციის ცერემონიის ძირითად კომპონენტებზე შეჯერდნენ.
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით პრეზიდენტი ფიცის დადების შემდეგ გმირთა მოედანზე სამშობლოსათვის დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებს. ინაუგურაციის შემადგენელი ნაწილი იქნება საზეიმო კონცერტი და მიღება უცხოელი სტუმრებისთვის.
ცერემონიის დროს რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდება და გზები არ გადაიკეტება.
როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, ინაუგურაციისთვის 7 თუ 8 ქვეყნიდან ჩამოვლენ.
“პოლონეთიდან იქნებიან მაღალი დონის სტუმრები, ისევე როგორც ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება მასშტაბს, საერთო ჯამში, 50-მდე სტუმარი იქნება, ასევე მათი თანმხლები პირები. რადგან გადავწყვიტეთ, რომ ეს პომპეზური ღონისძიება არ ყოფილიყო, შეზღუდულია დამსწრეთა რაოდენობაც, ვინაიდან ის ტარდება პარლამენტის შიდა ეზოში. იქნება სამხედრო კომპონენტი, ასევე მომავალი პრეზიდენტის გამოსვლა”, _ განაცხადა პეტრიაშვილმა.
არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. არცერთი მათგანი ცერემონიას არ დაესწრება.
ინაუგურაციას არ დაესწრება თბილისის მერი გიგი უგულაცავ.
“თბილისის მერია ინსტიტუციურად მონაწილეობს ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებში.
მე პირველივე დღეს, იმის გამო, რომ პატივს ვცემ ჩენი მოქალაქეების არჩევანს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე.
რაც შეეხება ინაუგურაციაზე დასწრებას, არ ვაპირებ. იმიტომ, რომ იმ ადამიანის ზეიმში, ვისაც ვერ გაურჩევია ქვეყნის მტერი და მოყვარე, მონაწილეობა გამიჭირდება,” _ განაცხადა დედაქალაქის მერმა.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე მიწვეულები არა არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომდგენლები. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ისინი მიწვეულები არ არიან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ინაუგურაციაზე მოქალაქეების დასწრების შეზღუდვაზე და განაცხადა, რომ ინაუგურაცია სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენაა და მას მოქალაქეები უნდა ესწრებოდნენ.
“პრეზიდენტის ინაუგურაციაზე “ნაციონალური მოძრაობის” გარდა სხვა ოპოზიციური პარტიები არ მიუწვევიათ. პრეზიდენტის ინაუგურაცია სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენაა, იმით, რომ ცერემონიაზე მიწვეული ადამიანების პოლიტკური არეალი შეიზღუდა, ამით ახალმა პრეზიდენტმა და იმ ჯგუფმა, რომელმაც ეს ღონისძიება დაგეგმა, საქართველოს მოსახლეობას უთხრა, რომ მარგველაშვილი არ იქნება მთელი საქართველოს პრეზიდენტი”.
ინაუგურაციაზე დასწრების შეზღუდვას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “ჩვენი უფლებების” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი და განაცხადა, რომ ცერემონიაზე საზოგადოების ყველა ფენას უნდა შეეძლოს დასწრება. მანაც დაადასტურა, რომ მიწვევა ინაუგურაციაზე საპარლამენტო ოპოზიციის გარდა სხვას არავის მიუღია.
“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ პროტოკოლი აუცილებლად შეუთანხმებდა პრემიერს ინაუგურაციაზე მიწვეულთა სიას, რომელშიც ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობაა” ჩაწერილი, ასე რომ პრემიერის დასტურის გარეშე არაფერი გადაწყდებოდა.
“არასაპარლამენტო ოპოზიცია მიწვეული არ არის. “ნაციონალურ მოძრაობასთან” ცხოვრებაც და დებატებიც ბევრად ადვილია, იოლია უთხრა – გახსოვს, შენ პატიმარს ცოცხი რომ გაუკეთეო?” _ აცხადებს ბაღათურია.
მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს არ დაესწრება უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნაი გიგა ბოკერია.
“იმის მიუხედავად, რომ დავით ბაქრაძემ გამარჯვების მილოცვით და თანამშრომლობისკენ ხელის გაწვდით პოლიტიკური კულტურა კიდევ ერთხელ გამოავლინა, საპასუხოდ მივიღეთ განცხადება, რომ გიორგი მარგველაშვილი საშინაო პოლიტიკის საკითხებში ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ჩვენ გვაქვს პარადოქსული ვითარება. როგორც წესი, დამარცხებულებს უჭირთ ხოლმე, იყვნენ “კეთილშობილები”, თუმცა ამ შემთხვევაში გამარჯვებულები არიან გამწარებულები. ეს არის კატასტროფა, თავი რომ დავანებოთ დაჭერილ ადამიანებს – პარტიის გენერალურ მდივანს, ბაჩო ახალაიას და იმ 100-მდე ადამიანს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული”, _ განაცხადა ბოკერიამ.
ხვალ დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიას უარყოფითად ადასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელიც “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ღონისძიება არაფერია, თუ არა პროვინციული კეკლუცობა.
“უარყოფითად ვაფასებ მთელ ამ ინაუგურაციის ცერემონიას, ვინაიდან საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებეში პრეზიდენტის ინაუგურაცია არ არსბეობს. არსებობს მხოლოდ ფიცის დადება. ავიღოთ გერმანია, იტალია, იქ პრეზიდენტი ყოველგვარი პომპეზურობისა და სამხედრო აღლუმების გარეშე პარლამენტის შენობაში დებს ფიცს, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია ესწრება. ზოგიერთ შემთხვევაში რეგიონების წარმომადგენლებიც. როგორ შეიძლება ინაუგურაციაზე მოქალაქეები არ მიუშვა? ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდაც ცერემონიალზე პრეზიდენტი ფეხით მიდის, ან ღია მანქანით, რომ მას მოქალაქეებთან ჰქონდეს კონტაქტი.
ეს ყველაფერი პროვინციალურ კეკლუცობად მიმაჩნია. ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი არაა პრეზიდენტი იმ გაგებით, რა გაგებითაც საპრეზიდენტო რესპუბლიკებში იხმარება ეს ცნება. მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას უნდა რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი წარმოჩინდეს როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკის პრეზიდეტი. ინაუგურაცია უნდა მოხდეს, როგროც ეს საპრეზიდენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ეკადრება, ან ისე როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებშია მიღებული.
თანაც გვაწყვედრიან რომ 4-ჯერ უფრო იაი ჯდება მისი ინაუგურაცია ვიდრე სააკაშვილის. უნდა გაითავისონ რომ ის საპარლამენტო რესპუბლკის პრეზიდენტია და ასეც უნდა იყოს. ასევე მიუღებელია თანხებზე საუბარი, მაშინ როცა არ ვიცით რამდენია ეს 40ჯერ ნაკლები.
უნდა გავითავისოთ, რომ აღარ გვყავს ისეთი სუპერ პრეზიდენტები, როგორიც იყო სააკაშვილი, შევარდნაძე, გასმახურიდა. ჩვენ გვყავს კვაზი პრეზიდენტი, რომელიც თავისთის კვაზი ინაუგურაციას იწყობს. არამგონია ვინმეს გული დაწყდეს იქ ვერ მისვლით. 2კვირის მერე არავის არ ემახსუვრება თუ იყო ინაუგურაცია, 1 თვის მერე არ ემახსოვრებათ თუ გვყავს პრეზიდენტი და 6-7 თვი მერე მოქალაქეებს გვარიც არ ემახსოვრებათ ჩვენი პრეიდენტის”, _ უთხრა “გური ნიუსს” ცინცაძემ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სწორია, როდესაც ინაუგურაციის პომპეზურობა გადაიხედა და იგი მოკრძალებულ ცერემონიად იქცა. თუმცა, მისთვისაც მიუღებელია ცერემონიაზე მოქალაქეების არ დასწრება.
“სწორია რომ გადაიხედა ჩატარების პრაქტიკა, მასშტაბები და შედარებით მოკრძალაებული ცერემონია გვექნება, რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეკვეცილია.
მაგრამ ის მომენტი, რომ ხალხი არ იქნება წარმოდგენილი ამ ინაუგურაციაზე და ოპოზიცია არ მიიწვიეს, ხოლო ვინც მიიწვიეს მათ უარი თქვეს დასწრებაზე, მიუღებელია და ეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ჩრდილს აყენებს.
ასევე, არ მიმაჩნია სწორად როცა ხელისუფლება თავს იწონებს იმით რომ ნაკლები თანხა დაიხარჯება, რადგან ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და იმდენი უნდა დაიხარჯოს რამდენსაც მოითხოვს ეს ღონისძიება”, _ უთხრა “გურია ნიუსს” ბერიძემ.