თუმცა, პრემიერის ადმინისტრაციაში “გურია ნიუსს” განუმარტეს, რომ სახელმწიფო გერბი არ იცვლება და ეს მხოლოდ ერთი დღისთვის, ინაუგურაციისთვის შემუშავებული ლოგოა.
“გერბის შეცვლა არავის აზრად არ მოსვლია, სპეციალურად ერთი დღისთვის გაკეთდა ინაუგურაციის ლოგო და ამ ლოგოს ერთ-ერთი კომპონენტი არის გერბი”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას მანანა თოქმაჯიშვილი.
ისტორიკოსი გია ანჩაბაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამაში არაფერი ცუდი არაა, მით უმეტეს რომ მხოლოდ ერთი დღით ხდება გერბის სახეცვლილება.
“თავის დროზე, წინა პრეზიდნეტმა დასაწყისშივე შეცვალა დროშა და გერბი. რა მოხდება, რომ ერთი დღით სახელმწიფო გერბმა ფერები იცვალოს? თუ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის სასახლეზე დროშა შეიცვალა, ერთი დღით გერბის ფონის შეცვლაც არაფერს ნიშნავს”.
რა გათვლებსა შეიძლება ემსახურებოდეს ერთი დღისთვის სახელმწიფო გერბის ცვლილება და მისი ინაუგურაციის ლოგოდ გარდაქმნა, ამაზე საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას ვესაუბრეთ, რომელიც აღნიშნავს, რომ სახელმწიფო გერბი სატელევიზიო ლოგო არაა, მისი “შემკობა” რომ დავიწყოთ სეზონებისა და დღესასწაულების მიხედვით
“საკმაოდ გაუგებარ კომუნიკაციად მეჩვენება ჩვენი ხელისუფლების რამდენიმე “უცნაურობა”. მაგალითად: პრემიერის დასახელება ბოლო წუთებში, ინაუგურაციის დეტალების გახმაურება ბოლო წუთებში და ა.შ. ეს საზოგადოების გარიყვისა და საზოგადოების უფლებების შელახვას წააგავს. ამგვარ კონტექსტშივე შეგვიძლია დავასახელოთ “საინაუგურაციო გერბის” შესახებაც. შესაბამისი სპეციალისტები, სიმბოლიკის სპეციალისტები და ისტორიკოსები ამ აქტის უფლებამოსილებას დააზუსტებენ. თუმცა, მე უფრო კრიტიკულად ვხვდები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ადვილია პრეზიდენტის სასახლიდან სახელმწიფო დროშის მოხსნა, მისი მოდიფიცირება და ისე წარმოდგენა, ახალ პრეზიდენტი გერბებს სადღესასწაულო ფერებში ცვლის და ა.შ. ვფიქრობ, სახელმწიფო გერბი სატელევიზიო ლოგო არაა, მისი “შემკობა” რომ დავიწყოთ სეზონებისა და დღესასწაულების მიხედვით.
სახელმწიფო სიმბოლიკა ერის სულის არტეფაქტია და მთავარი მესიჯი, ამიტომაც არის მასში ჩადებული მთავარი შეტყობინება, ის ერთგვარი მესიჯია მსოფლიოსა და საკუთარი ხალხისათვის, მისი ასე უცერემონიო მოდიფიცირება, თუნდაც ერთჯერადობით, შეურაცხმყოფელია როგორც სახელმწიფო სიმბოლოებისათვის, ასევე ერისა და საზოგადოებისათვის. მითუმეტეს, ვინმე 1-2-3 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მსჯელობისა და სპეციალისტების კონსულტაციების გარეშე”, _ ამბობს “გური ნიუსთან” საუბრისას გამზარდია.