გასაკვირია, მაგრამ მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი კინოინდუსტრია _ ჰოლივუდისა და ბოლივუდის შემდეგ _ არის ნოლივუდი, რომელიც ნიგერიაში მდებარეობს.
იქაური რეჟისორები ყოველწლიურად 500-მდე ფილმს ქმნიან და 160 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებენ. ნოლივუდური ფილმების გადაღება საშუალოდ 10 000-20 000 ფუნტი ჯდება და სულ რაღაც 10 დღეში მზადდება, როდესაც ჰოლივუდში ფილმის გადაღება 65 მილიონი ფუნტი ღირს და თითქმის წელი სჭირდება. მიუხედავად ამისა, მცირე ბიუჯეტისა, ნოლივუდურ ფილმებს საკმაოდ დიდი თანხა შემოაქვთ.
ეს ფილმები არაა განკუთვნილი კინოთეატრებისთვის, მათ იღებენ ჩვეულებრივ ვიდეოკამერებზე, შემდეგ წერენ კასეტებზე ან კომპიუტერულ დისკებზე და ყიდიან მთელ აფრიკაში. ძირითადად ფილმებს იღებენ ინგლისურ ენაზე, რადგან ნიგერიაში მეორე სალაპარაკო ენა სწორედ ინგლისურია, გარდა ამისა, მათ არ სჭირდებათ ფილმების დუბლირება სხვა ენებზე, რათა ისინი საზღვარგარეთაც გაყიდონ.
როდესაც ჰოლივუდი იღებს “ბოევიკებს”, ბოლივუდი კი გასაოცარ მიუზიკლებს, ნოლივუდი გაწაფულია საშინელებათა ფილმებში _ ვუდუები, ფილმები კუდიანებზე და შავ მაგიაზე.
ნოლივუდის ისტორია დაიწყო 1992 წელს, როდესაც ნიგერიელმა რეჟისორმა კრის ობი რაპუმ გადაიღო ფილმი “ცხოვრება უღელში”. ეს ფილმი არის კაცზე, რომელსაც ეშმაკი შეპირდა სიმდიდრეს, თუ ის თავის ცოლს მოკლავდა. მას შემდეგ ასეთი ტიპის ფილმები აქ მეტად პოპულარულია.
ნიგერიაში ყველაზე ცნობილი რეჟისორი არის ჩიკო ეჯირო, რომელმაც 80 ფილმზე მეტი გადაიღო და მიუხედავად ხმის საზიზღარი ხარისხისა და ადვილად პროგნოზირებადი ფინალისა, მისი ნამუშევრები მეტად პოპულარულია.