“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 18 000-მდე ჩვენს მეზღვაურს მიეცა უფლება და შესაძლებლობა, დასაქმდეს ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარება გულისხმობს, რომ საქართველოში არსებული მეზღვაურთა განათლების სისტემა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზღვაურები ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, ქართველი მეზღვაურები ისევე დაფასებული და დაცული იქნებიან, როგორც მათი ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი კოლეგები. ვულოცავ ჩვენს მეზღვაურებს ამ აღიარებას!” _ განაცხადა ღარიბაშვილმა სპეციალურ მიმართვაში.
მეზღვაურებს სერტიფიკატების აღიარება მიულოცა აჭარის ა/რ მთავრობის თავმკდომარე არჩილ ხაბაძემაც.
“მიხარია, რომ ამიერიდან ქართველ მეზღვაურთა კვალიფიკაცია აღარ დადგება კითხვითი ნიშნის ქვეშ. მათ ხარისხს, პროფესიონალიზმსა და განათლებას მათივე სერტიფიკატი დაადასტურებს, რომლის აღიარებაც ევროკომისიის კომიტეტზე 22 ნოემბერს მოხდა. ბათუმს, როგორც ზღვისპირა ქალაქს ყოველთვის ჰყავდა კვალიფიციური მეზღვაურები, რომლებიც ათეულობით წლების მანძილზე სერავდნენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებს. მათი სიცოცხლე ხშირად საფრთხის წინაშეც მდგარა, მაგრამ ქართველი მეზღვაურები ღირსეულად უმკლავდებოდნენ სირთულეებს. მე განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი რეგიონის მკვიდრ ზღვაოსნებს ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას. დარწმუნებული ვარ ჩვენი მეზღვაურები ტოლს არ დაუდებენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს და მათ კიდევ უფრო დიდი ინტერესი და სურვილი გაუჩნდებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია. ზურგის ქარს და მშვიდ ნაოსნობას გისურვებთ,” _ განაცხადა ხაბაძემ.