მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის. “რეინტეგრაციის საკითხთა სამინისტროს 1 იანვრიდან “შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო” დაერქმევა,” _ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.
აღნიშნული ცვლილების შესახებ განცხადება დღეს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
“ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას – კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას. “შერიგების“ კომპონენტი შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ხოლო “სამოქალაქო თანასწორობა“ – ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ინტეგრაციის საკითხები ეხებათ. ამ უწყების დასახელებაში სიტყვა “რეინტეგრაცია“ აფერხებდა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კონტაქტს. ახალი სახელწოდება ნეიტრალური და ორი მიმართულების შემცველია და ვიმედოვნებთ, რომ სახელის ამგვარად შეცვლით ჩვენი ოპონენტების ერთი არგუმენტი გაქრება,“ _ განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.