საზოგადოების ნაწილის განცხადებით, კიდევ ბევრი ისეთი მოთხოვნებია წაყენებული საქართველოს მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია მოსახლეობისათვის, ამიტომ ისინი მთავრობისგან შესაბამისი დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ და აქვეყნებენ შესაბამის პეტიციას.
“29 ნოემბერს, ვილნიუსში “ევროკავშირთან” ასოცირების შესახებ დოკუმენტის თანამხმად, ერთ–ერთი პირობა იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის ის, რომ 10 წლის განმავლობაში ქართულმა მხარემ უნდა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობის სრული სინქრონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან, რაც გულისხმობს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის დაახლოებით 350 კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. აქედან გამომდინარე ქართულ საზოგადოებას აშფოთებს ერთი საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს: ევროპულ ღირებულებათა და ფასეულობათა სპექტრში, საკანონმდებლო დონეზე დადასტურებულია ისეთი ღირებულებები, რაც ყოვლად მიუღებელი და შეუთავსებელია ქართული საზოგადოებისთვის. კერძოდ, რამდენიმე ამ კანონთაგანი შესაძლოა ითვალისწინებდეს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა–გაფართოებას, რაც ყოვლად მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან იმ ვალდებულებების ნუსხის გასაჯაროებას, რომელიც ხელშეკრულების თანახმად არის განსაზღვრული”, _ იკითხება პეტიციაში.