ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ინსპექტირების ჯგუფის (ე.წ მიღება-ჩაბარების კომისია) შესახებ ისაუბრა. შარაშიძის განმარტებით, ის ამ კომისიის წევრია, რადგან აინტერესებდა “რამდენად კარგად წყდებოდა “ნაციონალების” ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მოყოლებული რაღაც-რაღაც საკითხები”.
დავით შარაშიძის თქმით, ეს კომისია ზერელედ მუშაობს და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ კონკრეტულ აქტებზე ხელს არ აწერს.
_ თუკი ხელს არ აწერთ, უნდა მიანიშნოთ, რა მიზეზით ხდება ეს. ასე სიტყვიერად თქმა არაფერს ნიშნავს. აუცილებელია ოქმზე აღინიშნოს, რატომ აცხადებს კომისიის წევრი უარს ხელის მოწერაზე, _ განმარტება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ.
შარაშიძის თქმით, მისთვის წერილების წერაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებაა:
_ უნდა ითქვას, რომ ამ კომისიას არც დებულება აქვს და არც არაფერი. ყოველდღე მოდიან ინდმეწარმეები _ ვისაც როდის გაუხარდება. ამ კომისიაში 5 ადამიანია, რომლებიც სხვადასხვა სამსახურებში მუშაობენ. უნდა დაუძახო მათ, მოწყვიტო საქმეს და წაიყვანო. ბევრჯერ დავსვი საკითხი, რომ შეგვერჩია ორი დღე ამ გასვლებისთვის და ობიექტების მონახულება ორგანიზებულად მომხდარიყო, _ აღნიშნა შარაშიძემ და დასძინა, რომ რამდენიმე წევრს კომისიის დატოვების სურვილი აქვს.
ბიუროს სხდომას, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ლომთათიძეც ესწრებოდა. შარაშიძის განცხადებაზე, რომ კომისია საქმეს ზერელედ უდგება, ლომთათიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. ხოლო წევრების მიერ კომისიის დატოვების სურვილზე აღნიშნა:
_ ეს მათთვის დამატებითი სამუშაო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ არ უნდათ კომისიაში ყოფნა.
შარაშიძემ კონკრეტულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება ყურადღების მიქცევა.
ანტონ ხუნდაძის განმარტებით ამ კომისიის შესახებ შესყიდვების შესახებ კანონში ყველაფერი წერია და შესაბამისად, დებულება საჭირო არ არის.
ამ თემაზე საუბარი ხუნდაძესა და შარაშიძეს შორის ხმამაღალ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, რომელსაც ჩოხატაურში მაღაზია და აფთიაქი აქვს, “ნაციონალების” პერიოდი და მისი ობიექტების ხშირ-ხშირი დაჯარიმება გაიხსენა.
_ სპეციალურად მიკეთებდნენ ამას. მოგზავნილი ხალხი მიკეთებდა. ერთხელ თუ იკითხა ვინმემ ამბავი?! _ აღნიშნა შარაშიძემ.
_ მეც ვილაპარაკებ ბევრ რამეს და დაგაბრალებ აგენტობას, _ შეეპასუხა ანტონ ხუნდაძემ.
შარაშიძის პასუხს, რომ აგენტობას არ დაიბრალებდა, ხუნდაძის კომენტარი მოყვა: _ ნუ იშვერ ხელს,-მეთქი, გეუბნები!
დავით შარაშიძემ ხუნდაძეს “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფნის პერიოდიც გაახსენა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საგადასახადო სამსახურის საქმიანობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს არავინ არაფერს ეკითხებოდა:
_ გამხადე საკრებულოს თავმჯდომარე და ნახე, თუ არ შემეკითხებიან. შევეკითხებოდი კი არა, იქით მოვთხოვდი პასუხს, _ თქვა შარაშიძემ და ხუნდაძეს კიდევ ერთხელ მიმართა: “ინდმეწარმე შენც იყავი, შენ გამახსენე ის “ტკბილი მოგონებები” და რა ვქნა”.
აღსანიშნავია, რომ ბიუროს სხდომაზე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზაურ ოსეფაიშვილი საფერფლით და სიგარეტით იყო მოსული. ხუნდაძის შენიშვნა, რომ სხდომათა დარბაზში სიგარეტის მოწევა აკრძალული იყო, ოსეფაიშვილს არ გაუთვალისწინებია. არადა, ჩოხატაურელმა კანონმდებლებმა უნდა იცოდნენ, რომ კანონი “თამბაქოს კონტროლის” შესახებ დახურულ შენობა-ნაგებობებში სიგარეტის მოწევას კრძალავს.
კანონის მეათე მუხლში გარკვევით წერია: “თამბაქოს მოწევა აკრძალულია საჯარო და კერძო დაწესებულებების დახურულ შენობა-ნაგებობებში, მათ შორის, სამუშაო და მასობრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში.
დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებული არიან უზრუნველყონ დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების გამოყოფა).
სპეციალური მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკისაგან”.