დაზარალებული ა.სიხარულიძე ოზურგეთში, კ. მეგრელიძის ქუჩაზე ცხოვრობს. ის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მუშაობს და ამჟამად ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. როგორც “გურია ნიუსს” დაზარალებულის მეზობლებმა და ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, დილით ადრე ავტომატის გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული საქმე ჯერ გაუხსნელია.
_ სექტემბერში მოგვიკლეს დიდი ძაღლი, რომელიც მთელ კუთხეს იცავდა, ზუსტად ამ მოტივით. ორი ბავშვი ისე შემიშინეს, რომ დასამშვიდებლების დალევა დამჭირდა. მივმართეთ გამგეობას თხოვნით მეზობლებმა, რომ ასე მოხდა და ამ გადმოსასვლელში ნათურები დაგვიყენეთო, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია, მერე კიდევ მოვიყვანეთ ახალი ძაღლი და გუშინწინ კიდევ იყო საშინელი ყეფა.
_ ერთი კვირის წინ ამ გადასასვლელთან დილით, ადრე 9-ის ნახევარზე, მეზობლის ბიჭმა, სამსახურში მიდიოდა, დაინახა ორი ნიღბიანი ახალგაზრდა ბიჭი იარაღით, რომელიც ამ მეზობლის დანახვაზე გაიქცნენ. მეც ამ გზაზე დავდივარ, სკოლაში დადის ჩემი შვილი, ერთი ბაღში, რა უნდა ვქნათ ეს რა გვემართება, დაგვეხმარეთ!
_ ამ საწყალ კაცს, რომელიც მთელი ამ კუთხის პატრონია, ყველას პატივს სცემს, თუ კი ვინმეს უჭირს ყველას მაგი აჭმევდა და აცმევდა, სახლში ავადმყოფი მამა ჰყავს, ჩემი ბავშვები ყველა საღამოს მას ელოდებოდნენ, როდის მოვიდოდა სახლში, ამბობს დაზარალებულის რძალი.
_ დღეს დილით დახვდნენ ამ გასასვლელში და ეტყობა გაათრიეს მდინარისკენ, სადაც სასიკვდილოდ ესროლეს, წაურთმევიათ 4000 დოლარი, როგორც მას უთქვამს და მიატოვეს. ისე განწირული ხმით ყვიროდა და უკან მეზობლებს გაუგონიათ ხიდის ქვეშ. ფილტვი ჰქონია დაზიანებული, ღმერთს მადლობა რომ გადარჩება”, _ აცხადებენ “გურია ნიუსთან” ა.სიხარულიძის მეზობლები.
შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს გოჩა ფერსაშვილის განცახდებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორ დავით მდინარაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.