2013 წლის 21 სექტემბრიდან საჯარო სამსახურის ბიუროს აღარ ჰყავს უფროსი. უკვე რამდენიმე თვეა ბიუროს უფროსის ადგილზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული და ჯერაც ვერ მოხერხდა ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ბიუროს ხელმძღვანელს, პრეზიდენტის ნაცვლად, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა და მისი დანიშვნა, რომ ბიურომ შეძლოს საკუთარი მოვალეობების სათანადოდ შესრულება და აქამდე დასახული მიზნებისა და პროექტების თანმიმდევრული განხორციელება. თანაბრად მნიშვნელოვანია, აღნიშნული თანამდებობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის მაქსიმალური ღიაობა და შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.
ვთვლით, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის დროს, უზრუნველყოს პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წაადგება როგორც პროცესის გამჭვირვალობას, ასევე უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხს.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის პროცესის დაჩქარება და მისი გამჭვირვალობა საჯარო სამსახურში დაგეგმილი რეფორმის ეფექტური და დროული განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სახელისუფლებლო ინსტიტუტის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება”, _ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”