პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა ქვეყანში უკვე დგას, თუმცა, ხელისუფლება მის ჩატარებას არ დაუშვებს. ნაწილის აზრით კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შექმნილ სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს და ჯობია ამაზე თანხებიც არ დაიხარჯოს.
დღეს თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ.
აქციის ორგანიზატორ ნანა კაკაბაძის თქმით, ბრძოლა სწორედ დღეიდან იწყება და ისინი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებენ, რათა საქართველოში სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
“პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს და “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის აუცილებელია საპარლამენტო ციკლი შენარჩუნდეს.
“პირველი მიზეზი არის ის, რომ საზოგადოება ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით გადაიღალა. ცოტა აპათიაც რომ არის ქვეყანაში და ეს სარეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, როცა არჩევნებზე მოსახლეობის ნახევარი არ მივიდა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კი საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებს. მეორე მიზეზი ფინანსური დანახარჯებია, რომელიც ქვეყანას ფიზიკურად არა აქვს. უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც ფული სჭირდება. არჩევნების ჩასატარებლად კი საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი უნდა გამოიყოს. ამასთან, ყოველ წელს არჩევნებს იმის გამო ვერ ჩავატარებთ, რომ ვიღაცას რაღაც არ აკმაყოფილებს. კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის აუცილებელია საპარლამენტო ციკლი შევინარჩუნოთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუ კატასტროფული სიტუაცია არ არის, ასეც უნდა ჩატარდეს. ბანანის რესპუბლიკაში არ ვცხოვრობთ, რომ ყოველ წელს არჩევნები ვატაროთ, საქართველოს ამის ფუფუნება არა აქვს. თანაც არჩევნები ახალს რას მოგვცემს? შესაძლოა, ვიღაცას პარტიური ინტერესებიდან გამომდინარე უნდოდეს არჩევნების ჩატარება, მაგრამ მე ამ არჩევნების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ამაში როგორც სახელისუფლებლო ძალას, ასევე ოპოზიციას ვგულისხმობ. შესაძლოა, “ქართულ ოცნებასაც” უნდოდეს არჩევნების ჩატარება, რადგან ჰგონია, რომ საკონსტიტუციო უმრავლოესობას მოაგროვებს, “ნაციონალურ მოძრაობასაც” ასევე მეტი წარმომადგენლის შეყვანის იმედი ჰქონდეს პარლამენტში. ამასთან არასაპარლამენტო ოპოზიციასაც გაუჩნდეს იმედი, რომ პარლამენტში შევა,” _ აცხადებს კაკაჩია.
მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის აზრია.
“მოსახლეობას თუ ვკითხავთ, ეს საკითხი პოპულარული არ იქნება. ახლა ხალხი სხვა საკითხების მოგვარებას ელოდება და არა არჩევნებს. რაც შეეხება არჩევნების ჩატარებას სამართლიანობის აღდგენის მოლოდინით, რა გარანტია გვაქვს, რომ ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ამ სამართლიანობას აღადგენს? ამის გარანტია დღეს არავის არა აქვს. ეს რომ ადვილი ყოფილიყო, მოქმედი ხელისუფლებაც გააკეთებდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ამ სიტუაციას დიდად ვერ შეცვლის,” _ აცხადებს კაკაჩია.
“საარჩევნო პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი” კახი კახიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დგას, თუმცა, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.
“პოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილია, ის ადამიანი, რომელმაც კოალიცია შეკრა და ხელისუფლების სათავეში მოიყვანა, პოლიტიკიდან წავიდა; ამავდორულად, პარლამენტი მოსახლეობის განწყობებს პროპორციულად ვერ ასახავს დეპუტატებთან და პარლამენტში წარმოდგენილ ძალებთან მიმართებაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ძალიან საჭიროა. მაგრამ მეორე საკითხია, რომ ამაზე უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა ცოცხალი თავით არ წავა და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ დაინიშნოს მარტივი მიზეზის გამო – მათ კარგად ესმით, რომ იგივე რაოდენობით და შემადგენლობით პარლამენტში ვერ მოხვდებიან. თუმცა, შესაძლოა, ყოველ წელს არჩევნების ჩატარება ძალიან მძიმე ტვირთი იყოს, მაგრამ როდესაც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი ემუქრება, ვფიქრობ, დღეს არის ის დრო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათი ხმა არ დაიკარგა და ისეა დაკომპლექტებული პარლამენტის შემადგენლობა, რა პროპორციითაც ისინი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობენ. დღეს კი არჩევნები სწორედ პროკურატურის, პოლიციის ჩარევის გარეშე ჩატარდება, ამასთან იმ დოზით არ იქნება ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული, რა დოზითაც წინა წლებში,” _ აცხადებს კახიშვილი.
მისივე თქმით, “ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიციას დიდი შანსი აქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს”.
“ეს არც “ქართულ ოცნებას” აწყობს და არც “ნაციონალურ მოძრაობას”. “ნაცმოძრაობას” არ აწყობს იმიტომ, რომ მას კონკურენტი გაუჩნდება ოპოზიციურ ნიშაში, ამასთან, “ქართული ოცნების” მხრიდანაც უალტერნატივო ოპოზიციურ ძალადაა აღიარებული. “ქართულ ოცნებას” არ აწყობს იმიტომ, რომ პარლამენტში უფრო ძლიერი ოპოზიცია ეყოლება,” _ აცხადებს კახიშვილი.