“ეს მეტად სახიფათო ტენდენციაა. გვიახლოვდება კრიზისული პერიოდი, რომელიც თავს იჩენს ბევრი მიმართულებით. გვაქვს ეკონომიკური ვარდნა, რომელსაც ყველა ჩვენგანი საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ, გაიზარდა ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა. ზამთარი უფრო ძნელი გადასატანი იქნება და ყველა გათვლებით გაზაფხულიც საკმაოდ მძიმე დადგება. ამას ემატება რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაზრდა, რომელიც კიდევ უფრო მძაფრი იქნება, რადგან მთავრობას ამ მხრივ რეალურად არაფერი გაუკეთებია”.
ბათიაშვილი ვარაუდობს, რომ აუცილებლად დაიწყება რღვევა კოალიციაში, გააქტიურდებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და დაიწყება დაპირისპირება.
“მაქვს ინფორმაცია, რომ გარდაუვალია კოალიციის რღვევა, ნაციონალების გააქტიურება, რაც ახლაც კარგად ჩანს და თანდათან გაიზრდება დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის გუნდსა და „რესპუბლიკელებს“ და ალასანიას გუნდს შორის. სავარაუდოა, რომ ეს თავად პრემიერმაც კარგად იცის. ხალხში უკვე ძლიერდება ნიჰილიზმი, უიმედობა და აპათია. ეს განწყობა სამწუხაროდ ნელ-ნელა უფრო იზრდება, რადგან ის მთავარი დაპირება, რისთვისაც ხალხმა აირჩია ახალი ხელისუფლება, არ სრულდება. სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის სტაგნაცია”.
ბათიაშვილი ამბობს, რომ ხალხის განწყობა და დამოკიდებულება ცვალებადია. ის ურჩევს ხელისუფლებას გაიხსენოს ნაპოლეონის სიტყვები “დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია” და ხალხის მოთხოვნას პატივი სცეს.
“სამართლიანობის აღდგენისთვის არ არის პოლიტიკური ნება. კოჰაბიტაცია გადაიზარდა იდილიაში. არ შეიძლება შენივე დაპირება დაივიწყო და ხალხს ათქმევინო უნიათო მთავრობა გვყავსო. დიახ, საზოგადოებაში სააკაშვილის ხელისუფლებას საძულველს უწოდებენ, ახალ მთავრობას კი უნიათოს. მე ვუსურვებ ახალ მთავრობას დასძლიოს უნიათო ხელისუფლების სტერეოტიპი”.
ირაკლი ბათიაშვილი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხედვს.
“მე ვიყავი და ვარ ახალი მთავრობისადმი კეთილგანწყობით, ახლაც ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხისთვის უაღრესად დიდი და საჭირო საქმე გააკეთა, მაგრამ იმისთვის, რომ მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, იმისთვის, რომ კრიზისი კიდევ უფრო არ გარღმავდეს და შესული ჩიხიდან გამოსავალი მთლიანად არ ჩაიკეტოს, საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა მოხდეს ძალთა ბალანსი. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ღირს მშვიდობიანი მაედანი საქართველოში”.