“პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს, ეს საკამათო თემა არ არის და მოვუწოდებ ვაშაძესაც და სხვებსაც თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან, მათთან ბევრი კითხვაა ისეთი, რომელიც აქამდე არ დასმულა, მაგრამ აუცილებლად დაისმება, ან უმცირესობისთვის რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება პარლამენტი, მაინც არ დადიან და არ მუშაობენ. ეს ეხება იუსტიციის სახლზეც მის განცხადებებს. არსებობს კითხვები ამ სახლის მშენებლობაზე და აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა.”
აბაშიძის განცხადებით “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მიმართ აუცილებლად დადგება დისციპლინარული საკითხები. დეპუტატი ამბობს, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ხელფასების დაკავება მოხდება. მან სასწავლებლად წასულ დეპუტატებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა:
“პატარა ბავშვები არ უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში, ჯერ ესწავლათ, დაემთავრებინათ სწავლა და მერე გამხდარიყვნენ პარლამენტარები. ეს სამუშაო ადგილია, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვაი საკითხები წყდება და ყველა უნდა იყოს სამუშაო რეჟიმში. ვაპირებთ გადავხედოთ დისციპლინარულ საკითხს. ვფიქრობ, უმცირესობის მიმართ აუცილებლად დადგება დისციპლინარული საკითხები”.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს, მან ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა ამ პერიოდის განმავლობაში არ განახორციელა არც ერთი ახალი პროგრამა და განხორციელებული სამუშაოებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენს.