“საქართველოს კონსტიტუციით” გარანტირებული თანასწორობის უფლების ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ კანონის პროექტზე მუშაობა 2013 წლის პირევლ ნახევარში დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პროექტი არაერთხელ იქნა განხილული საჯარო შეხვედრებზე. მის შემუშავებაში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, გენდერული საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა რეკომენდაციები და შენიშვნები აისახა დოკუმენტში. კანონპროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა მისი საბოლოო ვერსია ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ გააცნო.
“იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც რამდენიმე თვე დამუშავების პროცესში იყო. ეს კანონპროექტი მთლიანად იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით შემუშავდა და მხოლოდ არასამთავრობო სექტორთან, მინისტრებთან, მათ მოადგილეებთან კონსულტაციის შედეგად იქნა გაგზავნილი საერთაშორისო ექსპერტიზაზე. ყველაზე დიდი სამუშაო გასწიეს თომას ჰამარბერგის მიერ შემოთავაზებულმა შვედმა ექსპერტმა, ოდირმა ეუთო-დან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა. შეფასებები დადებითია. ჩვენ მათი შემოთავაზებები და ქართული არასამთავრობო სექტორის შემოთავაზებები გავითვალისწინეთ, ახლა კანონპროექტი უკვე მზადაა. მომავალ კვირას კონსულტაციები გაიმართება უკვე მთავრობის შიგნით და, საბოლოოდ, წარედგინება მთავრობას”, _ განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღებით შესრულდება ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, “რომლის შესრულების ხარისხზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირთან საზღვრების გახსნისა და უვიზო რეჟიმის დამყარების საკითხი”.
კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევების იდენტიფიცირება/გამოვლენა. კანონპროექტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის, ისეთი ნიშნით, როგორიცაა: ასაკი; ჯანმრთელობის მდგომარეობა; შეზღუდული შესაძლებლობა; ორსულობა ან დედობა; გენდერული იდენტობა. დისკრიმინაცია იკრძალება აბსოლუტურად ყველა სფეროში − საჯარო და კერძო დაწესებულებებში; პასუხისმგებლობას დისკრიმინაციაზე კი აკისრებს არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებს, არამედ ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს.
კანონპროექტი ითვალისწინებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი მექანიზმებით: ა) ჯარიმის დაკისრება, ბ) დისკრიმინაციული ქმედების/შედეგის აღმოსაფხვრელად პირთათვის შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღება.
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტზე მუშაობისას შესწავლილ იქნა და გაანალიზდა საერთაშორისო და უცხო ქვეყნების შესაბამისი სამართლებრივი აქტები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ყოვლისმომცველი და ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად.