მიკროავტობუსი მოცურდა, ბორდიულს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ავარიის გამო თითქმის ნახევარი საათი გზაზე მოძრაობა იყო შეფერხებული, თუმცა, არც საპატრულო და არც სამაშველო ეკიპაჟები იქ არ გამოჩენილან. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ავარია მოყინულმა გზამ გამოიწვია. მძღოლების ინფორმაციით, ამ დღეებში, აღნიშნულ გზაზე რამდენიმე ავტოავარია მოხდა.
როგორც გვითხრეს, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალური გზის ეს მონაკვეთი ზამთრის პერიოდში ძალიან საშიშია და რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით არის დასრულებული.
_ ეს საკმაოდ რთული მონაკვეთია. ყინვა მთელი დღის განმავლობაში არ დნება. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ამ გზაზე მარილი ინტენსიურად უნდა იყრებოდეს, _ აღნიშნეს “გურია ნიუსთან” საუბრისას მძღოლებმა.