ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს, რომელზეც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია” წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, რამდენიმე კანონსა და კანონქვემდებარე აქტში მომზადდება ცვლილებები, რომელიც კონვენციის რატიფიცირების შემდგომ მისი იმპლემენტაციისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, სამინისტრო უკვე მუშაობს ახალ კანონპროექტზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის შესახებ, რომლის უფლებრივი ნაწილი მთლიანად გაეროს კონვენციაზე დაყრდნობით მომზადდება.
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის” მიხედვით, ცვლილება შედის კანონში “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ”. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, წარმოადგინა. შეიცვლება კანონის მე-12 მუხლის მე- 4 პრიმა პუნქტში მოცემული დეფინიცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი კონვენციასთან შესაბამისობაში იქნება განმარტებული. კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირეს.