დამსწრე საზოგადოებას გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე “ქართული ოცნების“ ერთერთმა დამფუძნებელმა ბესიკ მელუამ წარუდგინა. შეხვედრა ხმამაღალი განცხადებებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე შარაშენიძის მისამართით არა ერთი ბრალდება გააჟღერეს და გუბერნატორს პირადად მისი საქმიანობების შესწავლა მოსთხოვეს, რაზედაც გუბერნატორისგან ასეთი პასუხი მიიღეს: _ თუ სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ამას პროკურატურა გაარკვევს, დანარჩენზე კი მოსახლეობა არჩევნების დროს მიიღებს გადაწყვეტილებას.
შეხვედრაზე გუბერნატორმა საზოგადოებას ექსკლუზიურად გურიაში გასახორციელებელი პროექტის შესახებ ამცნო.
გიორგი ჩხაიძე: _ ჩემი ურთიერთობა ბიზნესთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, დასაქმებული მოსახლეობის უმრავლესობა საჯარო მოხელეა და მუშაობს სახელმწიფო სამსახურებში. ეს, მე თუ მკითხავთ, არის კატასტროფის ტოლფასი. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენებთან შეხვედრა არის მნიშვნელოვანი. უნდა შეიქმნას, რაც შეიძლება მეტი წარმოება, ბიზნესი უფრო ამოქმედდეს რეგიონში, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოსახლეობის დასაქმებას. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი.
ნატანებელმა ვასილ გობრონიძემ სოფლის დეპუტატებზე და რწმუნებულებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მათ არა ერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი, როცა სოფლის მხარდამჭერი პროგრამების თანხების არამიზნობრივად ხარჯავდნენ. მან გუბერნატორს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესრულებული პროექტების შესწავლა თხოვა: _ გამგებელმა შეიძინა გრეიდერი, რომელიც არამიზნობრივად არის გამოყენებული. სამუშაოები, რომელიც უნდა შესრულებულიყო, სანახევროდ არის გაკეთებული. სად წავიდა სხვა თანხები? გამოყევით კომისია ამ საქმეების შესასწავლად.
გიორგი ჩხაიძე: _ ბრალდებები არ გვინდა, თქვენ თვითონ, როგორც მოქალაქეს, შეგიძლიათ პროკურატურას მიმართოთ.
_ ჩვენ დიდი ხანია, პროკურატურაში გვაქვს შეტანილი არა ერთი სარჩელი გამგებლის წინააღმდეგ, რომელზეც ჯერ პასუხი არ გვაქვს. არაფერი არ შეცვლილა _ რაც ხდებოდა ორი წლის წინ და მეტის, იგივე ხდება დღესაც.
_ მე კი პირობას გაძლევთ, მოვიკითხავ ამ საქმეებს აუცილებლად. ნუ გადახვალთ პირადულ შეურაცხყოფებზე, _ უპასუხა ჩხაიძემ.
_ გამგეობაში დანიშვნებთან დაკავშირებით, მე მაქვს ფაქტები, რომ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე იყვნენ ზონდერები, დღეს თანამდებობებზე ნიშნავენ, აწინაურებენ.
გიორგი ჩხაიძე: _ კონკრეტულად ვინ ნიშნავს?
_ კონსტანტინე შარაშენიძე.
გიორგი ჩხაიძე: _სამწუხაროდ, კონსტანტინე შარაშენიძე ვისი დანიშნულია? საკრებულომ აირჩია, ჰო? ძალიან მალე არჩევნები იქნება და ხალხი გადაწყვეტს ამ ყველაფერს. ჩემგან გინდათ მოისმინოთ, რომ კონსტანტინე შარაშენიძე არის დამნაშავე და დასაჭერი? სამწუხაროდ მე ამ თემებზე ვერ ვილაპარაკებ.
_ ბატონო გიორგი, ის მაინც გვითხარით, რომ შეისწავლით ამ თემებს _ შარაშენიძე ერთი წლის განმავლობაში ჩადის უამრავ დანაშაულს.
გიორგი ჩხაიძე: _ რას? მე ვარ გუბერნატორი და ჩემს კომპეტენციაში არ შედის იმის გარკვევა, არის თუ არა ვინმე დამნაშავე. ილუზიებით ხომ არ ვილაპარაკებ?
ნუგზარ გიორგაძემ ისაუბრა სოფლებში წყლის პრობლემებთან დაკავშირებულ შეუსრულებელ პროექტებზე.
_ მოსახლეობა ცუდ დღეშია _ არ აქვთ წყალი. იქნებ, შეხვდეთ მათ და პირადად მოისმინოთ მათი პრობლემების შესახებ. ხალხი მთელი ზაფხული ევედრებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ წყალი გაეკეთებინათ, მაგრამ არაფერი. მოიკითხეთ, სად წავიდა ის თანხა, რაც გამოყოფილი იყო ამ საქმისთვის. ბოხვაური, ბახვი, ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი საშინელ დღეშია. კოტე შარაშენიძის ჯიბის ბიჭები უნდა მოსცილდეს ამ რაიონს.
გიორგი ჩხაიძე: _ ჩემი კონკრეტული პასუხი ამასთან დაკავშირებით არის ერთი – იქნება არჩევნები და ხალხი თავად გადაწყვეტს ვინ აირჩიოს და ვინ _ არა. მე გამგებლის არც დანიშვნა შემიძლია და არც მოხსნა. თუ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია.
ცირა მდინარაძე, იურისტი: _ ბატონო გიორგი, გაქვთ თუ არა რეალური პროექტი, რომელიც უნდა გახორციელდეს გურიაში და მოსახლეობა დასაქმდეს?
გიორგი ჩხაიძე: _ არსებობს ერთი პროექტი, რომლის გახორცილება მალე უნდა მოვახერხო. საუბარია დიდ სამაცივრე დანადგარზე, რომელიც არის დაახლოებით 10 000 ტონამდე და იქნება ხილის გადამამუშავებელი. ეს არის ის თემა, რომლითაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილს, თითქმის უმრავლესობას, გაუჩნდება რაღაც დამატებითი შემოსავლის წყარო.
ილია ბასილაშვილმა ჩაის პერსპექტივებზე ისაუბრა და კონსტანტინე შარაშენიძის მისამართით ბრალდებები გააჟღერა.
_ სანამ ის იქნება, მანამ ბიზნესი არ იარსებებს. მე მაქვს დოკუმენტაცია მომზადებული და პროკურატურაში შევიტან. აბა ერთი გაბედოს პროკურატურამ და შეფასება არ მისცეს გამგებლის ქმედებებს.
ირინა კოპალეიშვილი, ექიმი: _ მე გეთანხმებით იმაში, რომ ოზურგეთს სჭირდება ბიზნესის განვითარება. თქვენ არა ერთხელ განაცხადეთ, რომ პოლიტიკური ფიგურა არ ხართ. გუბერნატორი პოლიტიკის გარეშე ვერ იქნება ორიენტირებული. თქვენ მხარეში წარმოადგენთ პოლიტიკურ ფიგურას, რომელმაც უნდა აწარმოოს მხარეში პოლიტიკა. ცნობილია თქვენი ერთი მოადგილის ვინაობა. მე მაინტერესებს ვინ იქნებიან დანარჩენი მოადგილეები. ალბათ, გაითვალისწინებთ პოლიტიკურ სფეროებს _ რა ნიშნით დაინიშნებიან ისინი?
გიორგი ჩხაიძე: _მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ამიტომ ჩემი საქმე პოლიტიკური განცხადებების კეთება ნამდვილად არაა. რაც შეეხება მოადგილეებს, თქვენ თუ თვლით, რომ მოადგილე აუცილებლად რომელიმე პარტიაში უნდა იყოს გაწევრიანებული, ეს მე არ მესმის. მე ვეძებ ისეთ გუნდს, ისეთ ხალხს, რომელიც ჩემს კონკრეტულ გეგმებს, დავალებებთან დაკავშირებით იქნება ეფექტური. ჩემთვის პოლიტიკური ფიგურა მნიშვნელოვანი არ არის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კოტე შარაშენიძის კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.