“სიძულვილის ენით საუბარი განსაკუთრებით ეკლესიის და სასულიერო პირების მხრიდან არის დაუშვებელი და ანტიქრისტიანული. საშობაო ეპისტოლე არ გახლავთ ერთადერთი, რომელშიც მსგავსი სისულელეებია ნათქვამი, სხვა ეპისტოლეებიც ბევრი გვინახავს, მაგრამ თუ ამ ერთ კონკრეტულ ეპისტოლეს განვიხილავთ ვნახავთ, რომ შემაშფოთებელია არა მხოლოდ სუროგაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადი, არამედ ისიც, რომ ბევრ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსაც ვნახავთ მასში. მე არ ვიცი ვინ დაუწერა პატრიარქს ეს ეპისტოლე თუ თავად დაწერა, მაგრამ მისი მხრიდან, მაშინ როდესაც ქვეყანაში 95-97%-იანი ნდობა არსებობს პატრიარქის მიმართ და სამწუხაროდ საზოგადოების დიდი ნაწილი უპირობოდ და ბრმად მიჰყვება პატრიარქის მოწოდებებს და გაკეთებულ განცხადებებს, არის შემაშფოთებელი. მე არ მესმის რატომ უნდა იყოს ხელოვნური განაყოფიერებით ჩასახული ბავშვი მუცლადყოფნის დროს უბედური და უფრო ბედნიერი ის ბავშვი, რომელიც არ უნდათ მშობლებს და გაშვილება გადაწყვიტეს?!.”
თუთბერიძის თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეპისტოლეს შემდგენელმა არ იცის რას ნიშნავს სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერება. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ელოდება გახდეს მშობელი, ეპისტოლეში ასეთი განცხადების გაკეთება მიუღებელია.
“ეს ნიშნავს, რომ როცა ხარ ავად, არ უნდა მიიღო წამალი და არ უნდა მიმართო მედიცინას პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩემი აზრით, მედიცინის მიღწევებიც ღმერთის ნებაა და არ შეიძლება საპატრიარქო აკეთებდეს მსგავსი ტიპის განცხადებებს”.