“გურულები კალანდას განსაკუთრებით ეგებება. განსაკუთრებულ კერძებს ამზადებდნენ. აუცილებლად უნდა ყოფილიყო სუფრაზე ღორის თავი, მსუქანი დედალი, ღორის ხორცი, ღვეზელი, კეცზე გამომცხვარი ხაჭაპური, მჭადი, ყველი, გოზინაყი, ხილი. ცხემლის შეშაზე მზადდებოდა კერძები. როდესაც სტუმარი მოვიდოდა, ყველა შემომსვლელი თითო ღერ ცხემლის შეშას დებდა კერიასთან. გურული ქალები განსაკუთრებული სილამაზით აკეთებდნენ ღვეძელს. ისინი სხვადასხვა დუქნებში ადრე მიდიოდნენ, რომ კარგი ხარისხის ფქვილი შეეძინათ. ასევე მოხარშავდნენ კვერცხებს და შემდეგ სხვენზე შემოდებდნენ, რომ კარგად გამომშრალიყო და ღვეძელს მართლაც საოცარი გემო ჰქონდა. წელიწადში ეს ერთხელ ხდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით”, _ გვითხრა შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო ჯაველიძემ.
თუ წინა წლებში მუცლის სალოცავის რიტუალსუტარებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, წელს ეს არ მომხდარა. თუმცა, მოწვეული სტუმრები ამის გარეშეც კარგად გრძნობდნენ თავს. წელს ასევე ღონისძიებას არ დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ასევე პარლამენტარები. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კალანდას გურიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ის არ ჩამოვიდა.
გურიის გუბერნატორ გიორგი ჩხაიძის თქმით, ეს არის დღესასწაული, რომლითაც ყოველთვის ამაყობს გურულები: “ყველას გილოცავთ კალანდას. ყველაფერს სიკეთეს და სიხარულს გისურვებთ. ეს დღესასწაული ისახავს მიზანს, რომ ძველი ტრადიციების აღდგენას, რა იყო გურიაში, როგორ ხვდებოდნენ კალანდას. დამპატიჟეთ სტუმრები და ყველაფერი ეს ნახეს” _ თქვა გუბერნატორმა.
კითხვაზე რეალურად ხვდებიან თუ არა დღეს გურიაშიხალხი ასე კალანდას, გიორგი ჩხაიძემ ჟურნალისტებს ასე გვიპასუხა: “სამწუხაროდ, ვერ აღნიშნავენ ასე ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ოჯახს არ აქვს ამის საშუალება, მაგრამ აქ არის საუბარი ტრადიციების აღდგენაზე. ღმრთის ნებით ეს წელი იყოს ბარაქის მომტანი და დარწმუნებული ვარ ასეთი სუფრა ექნება ყველა ოჯახს.”
გურულების სტუმრობით მოიხიბლა იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი:
“პირველ რიგში ამ რიტუალში მომეწონა დიდი სიყვარული. ყველაფერი წრფელი გულით იყო გაკეთებული. ნამდვილად კარგი მანსპინძლობა იცით და ეს დღესაც გამოჩნდა. ამ რიტუალის აღდგენით ვფიქრობ, რომ იქნებ დღეს ჩვენ შევძლოთ ის მთავარი ღირებულებები, რომელიც არის ჩვენს ერში ტრადიციულად დამკვიდრებული: სახალხო რიტუალი, ოჯახის სიწმინდე და საეკლესიო საფუძვლები ერთად იყოს გაერთიანებული. გურიამ ნათლად წარმოაჩინა ამის მაგალითი”, _ გვითხრა ზაზა მეფარიშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კალანდის დღესასწაულზე პირველად ესწრებოდა: “პირველად ვიმყოფები ამ დღესასწაულზე და ყველას გილოცავთ კალანდას. მართლაც, რომ ძალიან კარგი დღე იყო. ყველაზე მეტად მოპატიჟება მომეწონა, ძალიან კარგი დამხვდური იყო და მიგვიპატაჟა ყველგან. ასევე მეკვლეობის სცენა კარგი იყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს არჩილ ხაბაძემ.
საახალწლო ტრადიციების აღდგენას ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად ესწრებოდა. რიტუალებს დაესწრო ადგილობრივი ხელისუფლების, ძალოვანი სტრუქტურის და ა.(ა).ი.პ-ის წარმომადგენლები. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი კალანდა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნეს.
ღონისძიების ორგანიზატორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური და ისტორიული მუზეუმი იყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კალანდობის დღესასწაულისთვის 2900 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.