”საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისა” და ”გურიის მედიატორთა ასოციაციის” მიერ 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრში ორგანიზებული იქნა ქ. ოზურგეთის მოსახლეობის გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა ქ. ოზურგეთში წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის – შპს ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” საქმიანობის შესწავლას, მისი მომსახურებით ქ. ოზურგეთის წყლის მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შეფასებასა და აღნიშნული კომპანიის მიერ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედარებას ფაქტობრივად არსებულ სიტუაციასთან.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, ოზურგეთის სერვის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 4.788 აბონენტი. აქედან გამოკითხული იქნა 634 მომხმარებელი (ანუ აბონენტების საერთო რაოდენობის 13,2%), რომლებიც წყალს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან” იღებენ. მოსახლეობის აზრის კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, შედარებითი ანალიზისთვის, ცალ-ცალკე გამოკითხეს ის მომხმარებლები, რომლებიც მრავალსართულიან ბინებში ცხოვრობენ და მომხმარებლები, რომლებიც კერძო სახლებში ბინადრობენ. მსგავსი დიფერენცირების აუცილებლობა განაპირობა წყალმომარაგების სფეროში მათთვის მიწოდებული სერვისის სხვადასხვაობამ (განსხვავებულია დაწნევა, წყლის მიწოდების ინტენსივობა და ა.შ.).
გამოკითხვის შედეგად, გამოვლენილი იქნა ქ. ოზურგეთის მოსახლეობის წყალმომარაგების სფეროში არსებული ყველაზე უფრო არსებითი და საკვანძო პრობლემები: 1) უმეტეს შემთხვევებში დაუდგენელია და აბონენტებისთვის უცნობია წყლის მიწოდების გრაფიკი; 2) პრობლემატურია აბონენტებისთვის მიწოდებული წყლის დაწნევა, განსაკუთრებით მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში (ოზურგეთელი აბონენტები წყლის მისაღებად ინტენსიურად იყენებენ დაწნევის გამაძლიერებელ სპეციალურ ტუმბოებს, რაც, ბუნებრივია, ზრდის მათ ყოველთვიურ კომუნალურ ხარჯებს); 3) ძალზე მწვავედ დგას წყლის ხარისხის საკითხი, რომელიც, გამოკითხული აბონენტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის; 4) მოხმარებული წყლის საფასური არ არის წყალმომარაგების კომპანიის მიერ საკუთარი აბონენტებისათვის შეთავაზებული სერვისის ადეკვატური და თანაზომიერი; 5) არ არსებობს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის სახელშეკრულებო წესით მოწესრიგების პრაქტიკა, სადაც გაწერილი იქნება თითოეული მხარის უფლებები და ვალდებულებები.